ჭანტურია: ჰქონდათ კითხვები გამოძიებასთან დაკავშირებით, რაღაც დეტალები, წვრილმანები

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა და შემდეგ გათავისუფლებულმა გიორგი ჭანტურიამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველო 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

ჭანტურიამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“ჰქონდათ კითხვები გამოძიებასთან დაკავშირებით, რაღაც დეტალები, წვრილმანები და გავეცი პასუხი” – განაცხადა ჭანტურიამ.

გუშინ გიორგი ჭანტურიას და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში რუსთავსა და თბილისში განმეორებითი ჩხრეკა ჩატარდა. ამის შემდეგ კი, გიორგი ჭანტურია გამოკითხვაზე დაიბარეს.

შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. “სტამბოლის ბაზრობის” დირექტორის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალი არ წარედგინა და გათავისუფლდა.

“რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებისას დაკავებულ გ.ჭ.-ს, რომლის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა-ვაზნები ამოიღეს, პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე, გ.ჭ.-ს ბრალი არ წარედგინა და მან უკვე დატოვა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე შესაბამის ღონისძიებებს მტკიცებულებების შეგროვებისა და ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის”-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ (სოსო) ქუთათელაძე რუსთავში მოკლული იპოვეს. ქუთათელაძე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 -2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი იყო.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ასევე სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში.

2008- 2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, იკავებდა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას.

/</a></iframe>