ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონებიდან, რომ მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო

„ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონებიდან, რომ მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო მე და ნაზი ჯანეზაშვილისთვის,“ – ამ განცხადებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და საბჭოს გაფართოებულ სხდომას ეხმაურება.

დოლიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ნაცლად, დრო არამოსამართლე წევრების კრიტიკას დაუთმეს.

„დღევანდელი შეხვედრა ყველაზე კარგი მაჩვენებელია, რამხელა ცვლილებები სჭირდება ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას. დღეს ჩვენ ვიხილეთ საბჭოს მცდელობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო სხდომების გაუქმების ხარჯზე. უდიდესი სახელმწიფო რესურსის დახარჯვის ხარჯზე, აქ ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონებიდან, მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო მე და ნაზი ჯანეზაშვილისთვის. თქვენ იხილეთ ბევრად მეტი პიროვნული თავდასხმა, ჩემსა და ნაზიზე, ვიდრე რაიმე საქმიანი ან თუნდაც სამართლებრივი კითხვა, რომელიც მიმართული იყოს პარლამენტისკენ პირველ რიგში,“ – ამბობს ანა დოლიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების საკითხზე გასვლითი სხდომის ფარგლებში იმსჯელეს. შეხვედრას 150 მოსამართლე ესწრებოდა.

საუბარია “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

">