ბესელიას თანამოაზრეები ივანიშვილთან შეხვედრას ელოდებიან – ე.წ. ამბოხებულები უმრავლესობიდან გარიცხვას არ ელოდებიან

ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ბიძინა ივანიშვილითან შეხვედრას ელოდებიან – რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებთან დაკავშირებით, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე გახდება ცნობილი.

ხვალინდელი დღისთვის დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან ეკა ბესელიას თანამოაზრეებიც, ასევე შეხვედრაზე მივა თავად  ბესელია, რომელიც სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს.

სხდომაზე  ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, ეკა ბესელიასთან დაპირისპირება და სასამართლო სისტემის რეფორმირება იქნება.

ეკა ბესელიას თანამოაზრეები პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პროცესები რადიკალურად არ უნდა წარიმართოს.

მმართველი გუნდის წევრები არ ელოდებიან, რომ პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის ან ლევან გოგიჩაიშვილის გარიცხვაზე ისაუბრებენ.

„ვემიჯნები ასეთ ტერმინებს ახლები და ძველები, ბებრები და ახალგაზრდები, ცოლიანები და უცოლოები. ვემიჯნები, ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ეს დაგვყოფს და გავაფუჭებთ ყველაფერს. უგემოვნობაა ასე საუბარი, დაბალი დონე მგონია. საქმე კვალიფიკაციაშია, მსახურებაშია და კარგად ხედვაში პრობლემების,“ – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ხვალ ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვას არ ელოდება.

რომელიმე დეპუტატის საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვას არ ელოდება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი.

„ასეთი დაპირისპირება და იქ ვიღაცის გაშვება-გამოშვება, ასეთი რამე ვერ იქნება. იმიტომ, რომ უმრავლესობა შედგება ფრაქციებისგან. თუ ვიღაც ადამიანებზეა ლაპარაკი, იმათმა ეს ფრაქციები უნდა დატოვონ. ეგრე არ არის, რომ იქ ვიღაცა ვიღაცას გარიცხავს. ლაპარაკი უფრო იმაზე იქნება, რომ ეს პროცესია და გამოჩნდება, თუ რაღაცებზე ვერ შეთანხმდებიან ადამიანები, შეიძლება მომავალში სხვა კონფიგურაცია მივიღოთ,“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი იმედს გამოთქვა, რომ შეხვედრაზე გარიცხვაზე საუბარი არ იქნება.

„იმედი მაქვს, რომ ძირითადი დრო დაეთმობა შინაარსობრივ საუბარს და აქ გარიცხვაზე საუბარი არ იქნება. მე მიმაჩნია, რომ ეს არის უადგილო შექმნილ ვითარებაში,“ – აცხადებს ნაცვლიშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ეკა ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა. ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შეხვედრაზე სწორედ დადანაშაულების გამომწვევი მიზეზზე უნდა იმსჯელონ.

„მე მგონია, რომ ურთიერთ დადანაშაულების საფუძველი უნდა იყოს მთავარი განხილვის თემა და არა დადანაშაულება თვითონ. მთავარი არის საფუძველი, ე.ი. საფუძველში რაღაც არის არასწორი, ამიტომ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა არის სწორი და რა არა,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

">