ბესელიას აზრით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი კომიტეტზე მიზანმიმართულად არ გააქვთ

ეკა ბესელია მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე განხილვის დაწყების მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობს. დეპუტატი ამბობს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით შეჩერების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ დრომდე არ გაუტანიათ, ამ დროში კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე რვა მოსამართლე გაამწესა უვადოდ.

ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დადგება. ისინი მიიჩნევენ, რომ საკითხი პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა განიხლოს.

“უკვე მესამე კვირაა და არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ იურიდიულ კომიტეტს დაეწყო ამ საკითხის განხილვა. დღესაც  არ არის დღის წესრიგში ჩასმული, სამწუხაროდ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჭიანურდება საკითხის განხილვა.

ვადები აქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურად იუსტიციის საბჭომ 8 მოსამართლე ისევ უვადოდ დანიშნა და გაამწესა, ვიდრე ამ საკითხს პარლამენტი გადაწყვეტდა, ეს არის ის დამატებითი არგუმენტი, რომელიც გვაძლევს საფუძველს, რომ დღეს ბიუროს სხდომაზე კენჭი ეყაროს, არის თუ არა მზად პარლამენტი​​, დაჩქარებული წესით ამ კვირაში დაიწყოს განხილვა.

კონსტიტუციურობის ტესტს ყველა კანონპროექტი გადის პარლამენტში, ამიტომ რა არის არგუმენტი რის გამოც ვინმე ეჭვქვეშ აყენებს ამ საკითხს, ამაზე ჩვენ კამერების წინ კი არ უნდა ვისაუბროთ, კომიტეტზე უნდა იყოს განხილვა,” – აცხადებს ეკა ბესელია.

">