BBC: „მსოფლიოს უძველესი ღვინო“ საქართველოში, 8000 წლის წინანდელ ჭურჭელში აღმოაჩინეს

საქართველოში აღმოჩენილ დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელ ჭურჭელში ღვინის ნაკვალევი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს. აქამდე, ვაზის ღვინის წარმოების ყველაზე ძველი შემთხვევა ჩრდილო-დასავლეთ ირანში ფიქსირდებოდა, სადაც დაახლოებით 7 ათასი წლის წინანდელი ღვინის ნაკვალევი იყო აღმოჩენილი.  კვლევის შედეგები აშშ-ს მეცნიერების ნაციონალური აკადემიის ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS)-ში გამოქვეყნდა.

როგორც BBC წერს, ღვინის ერთ-ერთ ჭურჭელზე გამოსახულია ყურძენი და მოცეკვავე კაცი. ჭურჭელი ნეოლითის ხანის დასახლებებში – გადაჭრილი გორა და შულავერის გორა – აღმოაჩინეს. ყველაზე ძველი ჭურჭელი ქრ.შ-მდე 5 980 წლით თარიღდება.

„ჩვენი აზრით ეს არის გარეული ევრაზიული ვაზის მოშინაურების ყველაზე ადრეული შემთხვევა, რომლის მიზანიც სწორედ ღვინის წარმოება იყო“, – აცხადებს ტორონტოს უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი სტეფან ბატიუკი.

მისივე თქმით, აღმოჩენილ ჭურჭელში ღვინოს ისევე აწარმოებდნენ, როგორც დღეს ქვევრში.