ბახტაძე: უწყებების ავტოპარკი შემცირდება დაახლოებით 1000 ავტომობილით

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, სახელმწიფო უწყებების ავტოპარკი მნიშვნელოვნად შემცირდება. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მხრი სახელმწიფო ხარჯის ოდენობა მიუღებელია.

„მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, წლის ბოლომდე, უწყებების ავტოპარკი შემცირდება დაახლოებით 1000 ავტომობილით. აღნიშნული ავტომობილები გადაეცემა რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს და მათ მაგივრად მოხდება სპეციალური ავტომობილების შეძენა – პატრულისთვის, გარემოსდაცვითი ოპერაციებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა შეძლონ უკეთესად ფუნქციონირება.

მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება. დაახლოებით 500 ე.წ. მიკუთვნებული მანქანა გადაინაცვლებს სამორიგეო პარკში.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი და ჩვენ აუცილებლად მოვაყოლებთ სხვა ინიციატივებს“, – განაცხადა ბახტაძემ.