ბახტაძე: სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 11 მინისტრიანი კაბინეტის დამტკიცება 2-3 კვირაში მოხდება.

„ჩვენ მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება. ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს. ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში სამწუხაროდ, ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობით მოსაპოვებლად უნდა წარვსდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, დასრულდება კონსტულაციები პარლამენტში, ეს პროცედურა, განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მამუკა ბახტაძეს დღეს კონკრეტულ პირებზე არ უსაუბრია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მთავრობაში რამდენიმე ახალი სახე იქნება.

">