ბახტაძემ და აპატურაიმ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს

ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში მომდევნო წელს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საუბრის მთავარი თემა იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი და მდგრადი რეფორმები, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2018 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში და თვალსაჩინოა ამ მიმართულებით ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება მთავრობის მაღალი დონის პრიორიტეტია, რასაც ქართველი ხალხი მხარს უჭერს.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერმინისტრთან. ვისაუბრეთ საკითხების ფართო სპექტრზე. უპირველეს ყოვლისა, განვიხილეთ მდგრადი რეფორმების კურსი და საქართველოს მდგრადი წინსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მტკიცე განზრახვაა ქართველი ხალხის ნების აღსრულება, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს გულისხმობს. მე, რა თქმა უნდა, აღვნიშნე ჩვენს მიერ ნაკისრი მტკიცე ვალდებულება, რომ ყველა ამ მიზნის მიღწევაში სრული მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. განვიხილეთ ამის კონკრეტული გზები და შევეხეთ შავი ზღვის აუზში მეტ უსაფრთხოებას, საქართველოში რეფორმების განხორციელების მიმართულებით მეტი მხარდაჭერის უზრუნველყოფას – რაც უკვე ხორციელდება. ასევე, ვისაუბრეთ პრაქტიკულ საოპერაციო საკითხებზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივი ძალისხმევით. მომდევნო წელს მეტ ნატო-ს იხილავთ საქართველოში; გვექნება ბევრი მაღალი დონის ვიზიტი ქვეყანაში და ამით ქართველი ხალხი დაინახავს, რომ ძალისხმევა ქმედითია. ნატო-ს გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს მიმართ. ასევე ვისაუბრეთ არჩევნების შედეგებზე. პრემიერ-მინისტრს მივულოცე არჩევნების ჩატარება, მაგრამ გამოვთქვით გარკვეული წუხილი პოლიტიკური დიალოგის პოლარიზაციის თაობაზე. პრემიერ-მინისტრი ამას აცნობიერებს და აცხადებს, რომ ქართველ ხალხს სურს მშვიდი და ნაკლებად პოლარიზებული დისკუსია სამომავლოდ. ნატო-ში ჩვენ გვსურს ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქართველ ხალხსაც ეს სურს. ამდენად, ძალიან დამაიმედა მისმა სიტყვებმა. ჩვენ ორივეს გვსურს კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში მომდევნო წელს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

საქართველოს პრემიერმინისტრისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

">