ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე მისი რეკომენდაციის შეუსრულებლობას უკავშირდებოდა.

კერძოდ, შპს „ქობულეთის წყალი“ (რომელიც მუნიციპალური საწარმოა) და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია 2014 წლის შემდეგ არ უზრუნველყოფენ მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატისთვის წყალარინების (კანალიზაციის) მომსახურების გაწევას, რაც სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე შექმნილი სპეციალური თანასწორობის მექანიზმის, მიერ დისკრიმინაციულ მოპყრობად შეფასდა და ადგილობრივ თვითმმართველობას სერვისის გაწევა და თანასწორობის საკითხებზე მისი თანამშრომლებისთვის საგანამანათლებლო-ინფორმაციული ღონისძიებების ჩატარება დაავალა.

სახალხო დამცველის აღნიშნული რეკომენდაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ დრომდე არ შეასრულა, რის გამოც კანონით დადგენილი წესით სახალხო დამცველმა მას სასამართლოში უჩივლა და სასამართლოს მერიისთვის მისი რეკომენდაციის შესრულების დავალდებულება მოსთხოვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეს სახალხო დამცველის წინაშე, პანსიონატის ადმინისტრაციის და ბენეფიციარების სახელით, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აწარმოებდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სახალხო დამცველის მიერ ინიცირებულ დავაში პანსიონატის ადმინისტრაციას, როგორც მესამე პირს, ასევე EMC წარმოადგენდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ქობულეთის წყალის“ მიმართ დაკმაყოფილდა სრულად. დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ჯერჯერობით არ ჩაბარებიათ, შესაბამისად, მისი სრულყოფილი სამართლებრივი შეფასება ამ დროისთვის რთულია.

/</a></iframe>