„ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე სააპელაციო სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებული პირის საქმეზე პროკურატურის საჩივარს  სააპელაციო სასამართლო დღეს განიხილავს.

ბრალდებულ თამაზ ქვლივიძისთვის ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დაცვის მხარის ადვოკატი ზაზა მესხი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

ცნობისთვის, კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თბილისში, ა.წერეთლის გამზირზე, კლუბი „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს – 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს – 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს – 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

">