ბარნოვის წინააღმდეგ რეპრესიული ღონისძიებები გატარდა

სასულიერო აკადემიის პროფესორ გოჩა ბარნოვისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხის დაყენებას თეოლოგი, ბექა მინდიაშვილი ეხმაურება.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი მომხდარს, ბარნოვის მიერ უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს. მისი თქმით, არსებობს სხვა მოტივებიც, რის გამოც სასულიერო პირების ნაწილს, ბარნოვის ჩამოშორება სურს.

„მან თქვა, რომ სამარცხვინოა ყველა, ვინც არ უჭერს მხარს უკრაინის ავტოკეფალიას და ეს სიტყვები გახდა გათავისუფლების საფუძველი, მაგრამ გოჩა ბარნოვის წინააღმდეგ დიდი ხანია, ირაზმება ეს რეაქციული საეკლესიო წრეები. ამავდროულად იმის გამო, რომ გოჩა ბარნოვი ხელს უწყობს სტუდენტებს, მიიღონ კვალიფიციური თეოლოგიური განათლება უცხოურ მართლმადიდებლურ საგანმანათლებლო კერებში. მთლიანობაში ეს სამი მოტივი გახდა, როგორც ჩანს, გახდა საფუძველი რეპრესიული ღონისძიების განხორცილებისა ბარნოვის წინააღმდეგ,“ – განაცხადა თეოლოგმა.

სასულიერო აკადემიიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თეოლოგმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. გოჩა ბარნოვმა თქვა, რომ  აკადემიის სამეცნიერო საბჭომ სალექციო კურსი შეუჩერა, მიზეზი კი უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გახდა. ბარნოვი ირწმუნება, რომ მისი შევიწროება თავისუფალი აზრის გამო ხდება.

ბარნოვის გათავისუფლებას არ ადასტურებენ სასულიერო აკადემიაში და ამბობენ, რომ საბჭომ საკითხზე იმსჯელა, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

">