აზარტული თამაშები და შემაშფოთებელი სტატისტიკა

აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ოჯახის წევრი თუ არა, თქვენს ახლო წრეში აუცილებლად იქნება რამდენიმე ადამიანი, რომელიც აზარტული თამაშების დიდი მოყვარულია. საუბარია არა უწყინარ „ჯოკერზე“ ან ბანქოს მსგავს თამაშებზე, არამედ აზარტული თამაშების იმ კატეგორიაზე, რომელშიც ადამიანები არც თუ ისე ცოტა ფულს ხარჯავენ. 2016 წელს საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვამ 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მთელ მსოფლიოში მხოლოდ 2015 წელს, აზარტული თამაშების მოგებამ 400 მილიარდ დოლარს მიაღწია.

                                   აზარტული თამაშების მოგება 2003-2015 წლებში. წყარო: Statista 2015

ასევე, სწრაფი ტემპით იზრდება ონლაინთამაშების მოგება. თუ 2003 წელს მსოფლიოში ონლაინთამაშების მოგება მხოლოდ 7 მილიარდი აშშ დოლარი იყო, 2015 წელს ინდუსტრიამ,ამ გზით, 41,4 მილიარდი აშშ დოლარი მოიგო.

                                            ონლაინთამაშების ბაზარი, 2003-2015 წლები. წყარო: Statista 2015

businessmap.ge-ს თანახმად, აზარტული თამაშები ყველაზე მომგებიანი ბიზნესია საქართველოში და ამ სექტორის შემოსავალმა კომერციული ბანკების შემოსავალსაც კი აჯობა. 2016 წელს ბანკების შემოსავალი 2 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო აზარტული თამაშების სექტორის – 4 მილიარდ ლარზე მეტს. უხეში დათვლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4 მილიარდი ლარის დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს მოქალაქეების მიერ, აზარტულ თამაშებში წაგებული თანხებია. 2016 წელს აზარტული თამაშების ინდუსტრიის მოგებამ 363 მილიონი ლარი შეადგინა.

კონკრეტული ინდუსტრიის განვითარება, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ფასი. მაგალითად მძიმე მრეწველობის შემთხვევაში, თუ შესაბამისი რეგულაციები არ არსებობს, საფრთხე ექმნება გარემოს. აზარტული თამაშების ინდუსტრიის შემთხვევაში კი საფრთხე პირდაპირ საზოგადოებას – ჩვენ გვექმნება.

ცნობილია, რომ აზარტულ თამაშებზე ადამიანების დიდი რაოდენობაა დამოკიდებული და მათი რიცხვი ინტერნეტის როლის ზრდასთან ერთად სწრაფად იზრდება. ბოლო კვლევების თანახმად, აშშ-ში 2,5 მილიონი ადამიანი დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე. კიდევ 3 მილიონი მიიჩნევა „პრობლემურ მოთამაშედ“, ხოლო 15 მილიონი ადამიანი „პრობლემური მოთამაშის“ კატეგორიაში გადასვლის საფრთხეშია.

საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული თანხების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს.  საკითხზე არ არსებობს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული რაიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რაც აზარტული თამაშების სოციალური დანახარჯებს შეისწავლიდა და გამოავლენდა ამ პრობლემის სიმძიმეს. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ვარაუდის და არაპირდაპირი მონაცემების საშუალებით გვაქვს რეალური სურათის დანახვის საშუალება. იმის და მიუხედავად, რომ საქართველოში ზუსტი სტატისტიკა  არ არსებობს იმის თაობაზე თუ რამდენი ადამიანია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული,  აშშ-ს, ევროპასა და სხვა ქვეყნებში ჩატარებულ კვლევების ზოგიერთ ასპექტში განზოგადება საქართველოზეც შეიძლება.

„ნიუსჯის“ მიერ, ინტერნეტ სივრცესა და ზოგადად მედიაში  მოძიებული მასალების თანახმად, უახლესი კვლევა აზარტული თამაშების თაობაზე  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“  2015 წელს აწარმოა. კვლევაში მითითებულ გამოკითხულთა მხოლოდ 6% აცხადებს, რომ აზარტულ თამაშებს ფულზე თავად, ან მისი ოჯახის წევრი თამაშობს.

ეს ძალიან დაბალი რიცხვია და წინააღმდეგობაში მოდის ამავე კვლევის კიდევ ერთ კითხვასთან – უჭერენ თუ არა გამოკითხულები მხარს აზარტული თამაშების აკრძალვას. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 63% მომხრეა აიკრძალოს სათამაშო ბიზნესი. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ აზარტულ თამაშებს მხოლოდ გამოკითხულთა 6% თამაშობს, 63%-ის აზრით, ეს ბიზნესი იმდენად საზიანოა, რომ საერთოდ უნდა აიკრძალოს. აღნიშნული შედეგები უფრო მეტ კითხვას და ეჭვს აჩენს. სრულიად ლოგიკურია ვარაუდი, რომ აზარტულ თამაშებში აქტიურადაა ჩართული მოსახლეობის 6%-ზე გაცილებით მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ბიზნესის მიმართ ამგვარი მკვეთრი ნეგატიური დამოკიდებულება არ იარსებებდა. ამავე ფაქტის გამყარების მიზნით ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ 4.1 მილიარდი ლარის მაგალითი. საქართველო მოსახლეობა დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანია ხოლო მისი 6% კი – 210 000 ადამიანი, უხეში დათვლებით გამოდის, რომ მხოლოდ 2016 წელს თითოეულ მოთამაშეს, სულ ცოტა, 20 000 ლარი წაუგია აზარტულ თამაშებში, რაც საქართველოს მოსახლეობის საშუალო შემოსავალზე (600 ლარი) დაახლოებით 3.5 ჯერ მეტია.

შემდეგ ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, სად ან რა მეთოდით შოულობენ ისედაც გაჭირვებული ეკონომიკური მდგომარეობისა და უმუშევრობის ფონზე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები თანხებს.  განტოლება მარტივია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა დიდი რაოდენობა მკვეთრად აუარესებს კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში. აშშ-ში ჩატარებული კვლევების თანახმად, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული სამი ადამიანიდან, ორი სათამაშოდ ფულს არალეგალურად შოულობს. კვლევები აჩვენებს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების 90% ფინანსურად ურთულეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი. გავიმეორებთ, რომ მსგავსი კვლევები საქართველოში ჩატარებული არ არის, თუმცა სხვადასხვა დიდ ქვეყნებში ჩატარებულ კვლევების განზოგადება საქართველოზეც შეიძლება.

როგორც საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება რამდენიმე რისკფაქტორზეა დამოკიდებული. ესენია:

  • ფსიქიკური აშლილობა: დეპრესია, სხვადასხვა სუბსტანციებზე დამოკიდებულება (ნარკოტიკები, ალკოჰოლი და ა.შ.) და სხვ.
  • ასაკი: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საფრთხის ქვეშ ძირითად ახალგაზრდები ექცევიან. თინეიჯერებისა და საშუალო ასაკის ადამიანების მიერ დამოკიდებულების ჩამოყალიბების უფრო დიდი ალბათობა არსებობს, ვიდრე ხანში შესულების.
  • სქესი: კვლევები აჩვენებს, რომ აზარტული თამაშების გავლენის ქვეშ მამაკაცები უფრო ხშირად ექცევიან, ვიდრე ქალები.
  • ოჯახი და მეგობრები: თუ თქვენს ოჯახში ან სამეგობრო წრეში არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ან ე.წ. პრობლემური მოთამაშე, იზრდება დამოკიდებულების გაჩენის რისკი.
  • ზოგიერთი ადამიანური თვისება: აზარტულობა, მოუსვენრობა, იმპულსურობა, მუშაობაზე დამოკიდებულება (ე.წ. ვორკაჰოლიკი) ზრდის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შანსს.

ერთი შეხედვით, ყველა რისკფაქტორი ლოგიკურია, თუმცა, მეორეს მხრივ, თუ კარგად დააკვირდებით, ეს რისკფაქტორები დიდ შეშფოთებას იწვევს. თითქმის ყველა ეს ფაქტორი ძალიან გავრცელებულია საქართველოში – დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამეფებული უმუშევრობა დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი „წყაროა“. არც სუბსტანციებზე დამოკიდებულების ნაკლებობას განიცდის ქვეყანა – ალკოჰოლს ყველა ეტანება, ხოლო ნარკოტიკულ საშუალებებს რაც შეეხება, შსს თითო კვირას რამდენიმე ათეულ კგ ნაირ-ნაირ „სუბსტანციებს“ იღებს რეალიზატორებისგან.

ინტერნეტის სწრაფ გავრცელებასთან ერთად, აზარტული თამაშები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება არასრულწლოვნებისთვის. როგორც კვლევები აჩვენებს, 16-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, ორჯერ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს არასრულწლოვნებისთვის აზარტულ თამაშებს, ამ ნორმის აღსრულება ეფექტურად ვერ ხდება, განსაკუთრებით ონლაინ კაზინოებში. ონლაინ-თამაშებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის მომენტში პირადობის მოწმობის მონაცემების შეყვანა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის თანახმად, მონაცემების სიზუსტის კონტროლის მექანიზმი ძალიან სუსტია. ასევე, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რეგისტრაციისას სხვა პირის პირადი მონაცემების შეყვანის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ აზარტული ბიზნესი მის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს თითქმის ყოველთვის პასუხობს ეკონომიკურ სარგებლის არგუმენტით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა დიდი რაოდენობა მძიმედ აწვება ეკონომიკასაც. მათ მიერ გამოწვეული მძიმე კრიმინოგენული მდგომარება, ასევე, მათთვისვე, სახელმწიფოს მიერ შექმნილი სოციალური და სხვა ტიპის დახმარებები დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, აზარტული თამაშების ინდუსტრია უმკაცრესი რეგულაციების ქვეშ მოქმედებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ის უარყოფითი შედეგები, რომელსაც აღნიშნული ბიზნესი იწვევს.

">