ახალი ანალიზი, რომელიც მელანომას ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს სისხლის ისეთი ანალიზის შემუშავება, რომელიც მელანომას ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. BBC-ის ინფორმაციით, მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ანალიზი მალანომის ამოცნობას შეძლებ იქამდე, სანამ ის მომაკვდინებელი გახდება პაციენტისთვის.

ამჟამად ექიმები მელანომას დიაგნოზ კანის გარეგან დათვალიერებითა და ბიოფსიით სვამენ. აღნიშნულ კიბოს სწრაფად გავრცელების უნარი გააჩნია.

ავსტრალიელი მეცნიერების მიერ შემუშავებული ანალიზი სისხლში ანტისხეულების რაოდენობის საშუალებით სვამს შესაბამის დიაგნოზს. მეცნიერებმა უკვე ჩაატარეს ექსპერიმენტი 200 პაციენტზე (აქედან ნახევარს უკვე დადგენილი ჰქონდა კიბო), რომელმაც დაადგინა, რომ მათი ანალიზი 81,5% სიზუსტით სვამს დიაგნოზს. მათი ვარაუდით, დროთა განმავლობაში სიზუსტე 90%-მდე გაიზრდება.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ შესაბამისი სამსახურები აღნიშნული ანალიზების ჩატარებაზე ნებართვას ხუთი წლის ვადაში გასცემენ.