ასზე მეტი სკოლა და ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა

36 მუნიციპალიტეტის ასზე მეტი სკოლა და ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში მოსწავლეებს სკოლაში მისასვლელად ერთი სოფლიდან მეორეში ათობით კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.

„ახლა ხდება ტრანსპორტის დაკონტრაქტება, სავარაუდოდ, უფრო ძვირად იმიტომ, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით ხდება, მაგრამ ფაქტი არის, რომ ამ დროის მონაცემებით, 36 რაიონიდან, თითქმის, უმრავლეს შემთხვევაში ჯერჯერობით სატრანსპორტო მომსახურებას მოკლებულები არიან სკოლები, ანუ ბავშვები, სოფლიდან სოფელში, ამ სიცივეში გადაადგილდებიან ფეხით,“ – აღნიშნავს უგულავა.

გიგი უგულავა აცხადებს, რომ ყველაფერი პრემიერ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილების შედეგია, რის გამოც მუნიციპალიტეტებს სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა ჩამოერთვათ. უგულავა ბახტაძეს უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„უპასუხისმგებლო პრემიერმინისტრი, უპასუხისმგებლო მისი ადმინისტრაცია იღებს მავნებლურ, არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებას და შედეგად, 6 თვის თავზე ჩვენ ვიღებთ ბავშვებს, რომლებიც მიდიან სიცივეში სკოლაში. ათობით კილომეტრს ათასობით ბავშვი გადის ფეხით,“- ამბობს „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, გიგი უგულავა.

">