„არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს“

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა პრობლემურია და ის უნდა შეიცვალოს. კახა კალაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის რეფორმამ ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდებს. მისივე თქმით, უმკაცრესი ზომები უნდა იქნას მიღებული ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით.

„გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არის პრობლემური, შესაბამისად ის უნდა შეიცვალოს, თუ როგორ, რა ფორმით, ამასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა იქნება. ცვლილებებით და რეფორმით, რომელიც განხორციელდება, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ახალგაზრდებს, დავიცვათ ისინი ნარკოტიკებისგან, უმკაცრესი ზომები უნდა იყოს ნარკორეალიზატორების მიმართ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“,-განაცხადა კალაძემ.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უახლოეს 10 დღის მანძილზე უნდა წარედგინოს.