არჩილ ომიაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრალდებებს უპასუხა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრალდებებს უპასუხა.

„ჩვენი შეხვედრის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ცილისწამებაზე, რომელსაც ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით ბატონი შაშკინი ავრცელებს წინასწარ შეცნობით ყალბ ინფორმაციას.

რომ თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს ან მათი უფლებები შეიზღუდება. და ცდილობს ეს ცრუ ბრალდება დაასაბუთოს სპეცუბნების გაუქმებით. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სპეცუბნები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა – 2016 წლამდე. მაგრამ ამასთანავე თითქმის ყველა პარტია, ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნული ტიპის უბნებს არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტად, ინსტრუმენტად თვლიდა.

სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და სპეციალური უბნები გაუქმდა მთელს შეიარაღებულ ძალებში გარდა ავღანეთისა. მოგეხსენებათ იქ ჩვენი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია მიმდინარეობს. მათ გაუქმებას არანაირი უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო მოსამსახურეებზე, საარჩევნო უფლების გამოხატულების კუთხით. რადგან ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილიდან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლოს მდებარე საარჩევნო უბანზე ხოლო ნაწილი – გადასატანი ყუთის მეშვეობით.

/</a></iframe>