იაგო ხვიჩია: არჩევნებამდე 1 კვირით ადრე კანდიდატ ჯაფარიძის ციხეში ჩასმა ნიშნავს იმას, რომ ის იქიდან პრეზიდენტი გამოვა

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“  მიერ 20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში დაგეგმილ მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით „გირჩის“ თავმჯდომარემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. იაგო ხვიჩიამ განმარტა, რომ მარიხუანასა და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებს, სურვილის შემთხვევაში, ფესტივალის მონაწილეები გაყიდიან.
მისივე თქმით, ეს აქცია ხაზს გაუსვამს იმას, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, შეიძინონ ის პროდუქტი, რომლის მოხმარების უფლებაც აქვთ. რაც შეეხება პოლიციის ჩარევის შესაძლებლობას, „გირჩის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამას არ ელის.

„გვინდა, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარების ცივილური ფორმები გადმოვიტანოთ. ამ ფესტივალზე ადამიანებს საშუალება ექნებათ, მოიტანონ მარიხუანასთან დაკავშირებული თავიანთი პროდუქტი და გაუცვალონ სხვა ადამიანებს, გაყიდონ, ან როგორც სუვენირი, ისე გადასცენ. მიგვაჩნია, რომ ამის უფლება მოგვცა საკონსტიტუციო სასამართლომ.

შსს-ში ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ჩვენს დარბევაზე, დაპატიმრებაზე და ა.შ. მე არ ვუყურებ, როგორც არაადეკვატურ ადამიანებს. ის, რომ ქვეყანაში მარიხუანას ფესტივალი ტარდება, ეს არ არის ვიწროდ ქართული მოვლენა, ეს მოვლენა გასცდება საქართველოს ფარგლებს. აქ არა მხოლოდ ქართველები იქნებიან, აქ იქნებიან ტურისტები. სრულიად არაადეკვატური იქნება ამ ხალხთან სპეცრაზმით შევარდნა, მათი დაჭერა და სადღაც გადაყვანა. თუნდაც, ამის გამო, შსს ამას არ გააკეთებს. მეორეც – ფესტივალი 20-შია დანიშნული, 28-ში არჩევნებია, არჩევნებამდე 1 კვირით ადრე კანდიდატ ჯაფარიძის დაჭერა და ციხეში ჩასმა ნიშნავს იმას, რომ ის იქიდან პრეზიდენტი გამოვა. ასეთი ცუდი წარმოდგენა არ მაქვს შსს-ზე, რომ მათ არ ესმოდეთ ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის დაჭერა არ შეიძლება. თუ რამე დარღევევა მოხდება ამ აქციაზე, პირველი ჩაიდენს პრეზიდენტობის კანდიდატი, შემდეგ ჩაიდენენ „გირჩის“ წევრები, შემდეგ ჩაიდენენ ის მონაწილეები, ვისაც ამის სურვილი ექნებათ.

ჩვენც და პოლიციელებსაც ერთნაირი აზრი გვაქვს. თქვენ ფიქრობთ, რომ ქართველ პოლიციელებს მოსწონთ ადამიანების დაკავება იმისთვის, რომ ისინი მარიხუანას მოიხმარენ? პოლიციაც ჩვენს მხარეზეა ამ შემთხვევაში. პოლიციამაც იცის, რომ ამის გამო ადამიანის ცხოვრების გაუბედურება და გაფუჭება არ შეიძლება“, – განმარტა იაგო ხვიჩიამ.

/</a></iframe>