არ შეიძლება, ასეთი ბრალდება უპასუხოდ დარჩეს – საპარლამენტო უმრავლესობა ხაზარაძის სკანდალურ განცხადებაზე

„თიბისი ბანკის“ საქმე და მამუკა ხაზარაძის სკანდალური ბრალდებები – საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმება. თუმცა მმართველი გუნდის წევრების თქმით, დამფუძნებლის მხრიდან გუშინ საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებული განცხადება, რომ შს მინისტრი მას რეპუტაციის განადგურებით ემუქრებოდა, გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლის საფუძველია.

დეპუტატები ამბობენ, რომ გახარიამ საკანონდებლო ორგანოში მისვლის მზაობა უკვე გამოთქვა, თუმცა ისინი ჯერ არ აკონკრეტებენ, თუ როდის მოუსმენენ შინაგან საქმეთა მინისტრს.

„დაველოდოთ ბატონ გიორგის, ამის მიხედვით გადავწყვეტთ, აქ მჯერა-არმჯერასთემა არ გახლავთ. არ შეიძლება, ასეთი ბრალდება უპასუხოდ დარჩეს,“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ აუცილებელია, მამუკა ხაზარაძემ ბრალდებების დასტურად მუქარის წერილი გამოაქვეყნოს, ხოლო პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის ჩვენება გაასაჯაროოს.

„ბატონმა მამუკამ სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა, რომ თითქოსდა, შს მინისტრი მას აშანტაჟებს. აქ არის ჩვენი პასუხისმგებლობაც, თუკი ეს ასეა, ჩვენ გამოვუცხადეთ ნდობა მთავრობას და მათ შორის შს მინისტრს, და თუ ეს ასეა, მაშინ პარლამენტმა მისი სავალდებულო ფუნქცია უნდა შეასრულოს. მაგრამ თუ ეს არის ცრუ ინფორმაცია, ნიშნავს, რომ „თიბისი ბანკი“ ცდილობს, გადაფაროს ეს ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ეს უდიდესი კითხვის ნიშანი,რომ იქნას მოხსნილი, აუცილებელია, სასწრაფოდ იქნას გამოქვეყნებული ის წერილი და გამოქვეყნებული იყოს პროკურატურაში ბატონი ხაზარაძის დაკითხვის ოქმი,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრი, მირიან წიკლაური ამბობს, რომ გიორგი გახარიასგან მუქარა, მისთვის ნაკლებად სარწმუნოა.

შეგახსენებთ, რომ სკანდალური განცხადებები “თიბისი” ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გუშინ გააკეთა. ხაზარაძის თქმით, არჩევნების მეორე ტურის წინ მას გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი მისწერა.

ხაზარაძის განცხადებით, გახარია მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით ემუქრებოდა.

ხაზარაძე ამბობს, რომ არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.

">