„არ მინდა ჩემი ოცნებით სხვა შევაწუხო“

News.ge და მისი მეგობრები (შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანი“-GDMC, myvideo.ge, digital ads და SEU) რუსთავში მცხოვრებ ხუთშვილიან ოჯახს დაეხმარნენ.

 

News.ge მეგობრებთან ერთად ოჯახი აუცილებელი ნივთებით უზრუნველყო. მათ ახლა უკვე აქვთ ტელევიზორი, გაზისა და დენის გამათბობლები, თბილი ტანსაცმელი, ტკბილეული და საკვები პროდუქტი ახალი წლისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

თეონას ასევე ის თანხა გადაეცა, რომლის მობილიზებაც ორი კვირის განმავლობაში შევძელით.

 

 

 

 

 

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, ოჯახს კვლავ სჭირდება ჩვენი დახმარება!

35 წლის თეონა ცალუღელაშვილი რუსთავში 5 არასრულწლოვან დისშვილთან (ალუდა, ნათია, მარიამი, თეონა და ჯარჯი) ერთად ცხოვრობს. 

ოჯახს ძალიან მძიმე და ტრაგიკული ისტორია აქვს. ბავშვების მამა უბედური შემთხვევის, კერძოდ ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა, დედამ ისინი მიატოვა, ბებიამ ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც თეონა ყვება, მისი და 8 წლის წინ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, ბავშვების დედა მეურვეობის საკითხის განმხილველ არცერთ სასამართლო სხდომას არ დასწრებია და სასამართლომ  შესაბამისი გადაწყვეტილება მის დაუსწრებლად მიიღო.  სასამართლოს გადაწყვეტილებით,ასევე თეონას სურვილისა და მოთხოვნის გათვალისწინებით ზუთი არასრულწლოვნის კანონიერი მეურვეობა მას დაეკისრა.

მისივე განმარტებით, სასამართლოს ბავშვები ან ბავშვთა სახლში უნდა ჩაერიცხათ ან მათზე მეურვეობა მას უნდა აეღო.

ოჯახი უკიდურესი გაჭირვების ზღვარზეა. 3 წელია ცხოვრობენ ქ. რუსთავში მდებარე ბინაში, რომელიც ფონდმა „იავნანამ“ ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით გადასცა. როგორც თეონა გვიამბობს, ბინა საცხოვრებლად უვარგისი იყო, რუსთავის მერი მას საცხოვრებელი პირობების გაუუმჯობესებას დაჰპირდა, თუმცა შემდეგ ამ თემაზე არავინ დაჰკავშირებია. სახლი  მეზობლებისა და ღვთისნიერი ადამიანების დახმარებითა და შემოწირულობით  საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე გაჭირვებით მიიყვანა. ბინის ამჟამინდელი მდგომარეობა, რომელიც მკითხველს შეუძლია ფოტოებიდან იხილოს, სამწლიანი გაუმჯობესებისა და სხვადასხვა ადამიანების შემოწირულობების შედეგია. ამ ეტაპზე მას მეზობლებიც ვეღარ ეხმარებიან და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობებისთვის არანაირი საშუალება არ აქვს.

როგორც თავად თეონა ამბობს, დიდი ხანია ცდილობს დაუკავშირდეს ფონდ „იავნანას“, რათა გაიგოს თუ რა ბედი ეწევათ ორი წლის შემდეგ, შეეძლებათ თუ არა განაგრძონ ხუთწლიანი სარგებლობის შემდეგ ბინაში ცხოვრება, თუმცა ფონდი არანაირ კონტაქტზე არ გამოდის. აქვე, ცალუღელაშვილების ოჯახი, საზოგადოება და News.ge იმედს იტოვებენ, რომ ამ საკითხის გაშუქების შემდგომ ფონდ „იავნანას“ წარმომადგენლები დაუკავშირდებიან თეონას ან ჩვენს კომპანიას, რათა გადაიჭრას ამ ოჯახის საცხოვრებლის მიმდინარე და სამომავლო პრობლემები.

თეონა ბავშვებს 8 წელია მარტო ზრდის. ოჯახი სოციალური დახმარების სახით, სახელმწიფოსგან თვეში 270 ლარს იღებს.

როგორც თეონამ გვიამბო, ისინი ადგილობრივი თვითმართველობისაგან არანაირ დახმარებას არ იღებენ, ასევე ვერ სარგებლობენ უფასო სასადილოებით. ამასთან, ოჯახი არ იღებს დახმარებას ე.წ  კომუნალური ვაუჩერების სახით, რაც თავისთავად შეუმსუბუქებდა და ხელს შეუწყობდა მათ, აწ უკვე გაძვირებული დენის, წყლის, დასუფთავებისა და ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ხუთი არასრულწლოვანის მეურვეს განსაკუთებით ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდა უჭირს, რომლის დავალიანებაც სულ ცოტა ხნის წინ იმ სკოლამ დაფარა, რომელშიც ბავშვები სწავლობენ.

News.ge-ს მეგობარმა საკუთარ თავზე აიღო ოჯახის კომუნალური გადასახადების გადახდა (დენი, წყალი, დასუფთავება და ბუნებრივი აირი).

 

 

10 წლის ჯარჯის ოცნება პულტიანი მანქანა იყო.

 

 

 

 

ნათია კი რუსულისა და ინგლისურის გრამატიკის წიგნებზე ოცნებობს.მათ ისეთი სახელმძღვანელოები სჭირდებათ, რომლებიც სკოლებში სახელმწიფოს მიერ უფასოდ არ რიგდება. დანარჩენი ბავშვები კი თავიანთ მოკრძალებულ ოცნებებზე ხმამაღლა არ გვესაუბრნენ. ერთ-ერთი მათგანის თქმით არ სურს სხვები შეაწუხოს და თავის ოცნებები და სურვილები თავს მოახვიოს.

ჩვენი წამოსვლის შემდეგ თეონამ დაგვირეკა და გვითხრა, ჯარჯიმ თქვა ასეთი ახალი წელი ჯერ არ გვქონიაო.

ხშირად, ჩვენთვის ერთი შეხედვით უბრალო ნივთი შესაძლოა სხვისთვის ოცნება იყოს და კიდევ უფრო ხშირად ჩვენ, საზოგადოებას ერთიანი ძალისხმევით მარტივად შეგვიძლია, რომ ეს ოცნებები ხელმოკლე ადამიანებსა და ოჯახებს იოლად ავუსრულოთ. ამისათვის ჩვენ, როგორც საზოგადოებისა და სოციუმის ნაწილს მოგვეთხოვება, რომ მსგავსი ამბები, თუ ისტორიები გულთან ახლოს მივიტანოთ, გავავრცელოთ და ძალ-ღონე არ დავიშუროთ სიკეთის შესაქმნელად.

თეონას ოჯახისათვის დახმარება არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთებითა და საკვებით მომარაგება, არამედ 5 არასრულწლოვნის მომავლის უზრუნველყოფა იქნება – მათი განათლება, დასაქმება და სოციუმთან ინტეგრირება. მსგავს შემთხვევებში მე, როგორც საზოგადოების ნაწილი თავს ვალდებულად ვთვლი, რომ თეონას დიდ ოჯახსა და მსგავს მდგომარეობაში არსებულ ოჯახებს ჩემს ხელთ არსებული ყველა გზის გამოყენებით გავუწოდო დახმარების ხელი, თუნდაც მათი ისტორიის საზოგადოებამდე სწორად მიტანის საშუალებით.
მე და News.ge-ს სრული კოლექტივი უმორჩილესად გთხოვთ, თითოეულ მკითხველს, ამ საკითხის გამზიარებელსა თუ გულშემატკივარს, დავეხმაროთ თეონას და მის ოჯახს, ხელი შევუწყოთ ჰქონდეთ ბედნიერი აწმყო და მომავალი, რომ პატარებს ჰქონდეთ ისეთი ახალი წელი, როგორც ჩვენ საკუთარი ოჯახისა და შვილებისთვის ვისურვებდით, ხელი შევუწყოთ გაუჩნდეთ იმედი, რომ მომავალი წელიწადი წინაზე უკეთესი იქნება. 


ამ სტატიის მკითხველებს გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ამ ოჯახის ამბავი, დაეხმაროთ News.ge-ს, რომ  თუნდაც ერთ ოჯახს გავუხალისოთ და გავულამაზოთ ახალი წელი, რომელიც ყველას, დიდსა თუ პატარას თანაბრად უხარია.

შემოგვიერთდით და დავეხმაროთ ამ ოჯახს, შევუმსუბუგოთ ყოფა და ავუსრულოთ ოცნებები ბავშვებს.

დახმარების სურვილის, ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

News.ge საკონტაქტო ნომერი: 555-23-83-88 (საკონტაქტო პირი ქეთევან კაკაბაძე)

ელექტრონული მისამართი: info@news.ge

მისამართი: თბილისი, აბულაძის N34

TBC bank: GE08TB7089145061100067  მიმღები ქეთევან კაკაბაძე.

სახლი რომელშიც თეონა 5 დისშვილთან ერთად ცხოვრობს

News.ge სტუმრად თეონასთან


 

 

 

 

">