„არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას“

ტელეკომპანია „იბერიას“ საქმესთან  დაკავშირებით კომენტარი პრემიერმინსიტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, „არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას“.

„ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება გახლავთ სწორედ ის, რომ საქართველოში ჩვენ მოვიტანეთ მედიაპლურალიზმი და ბუნებრივია, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წარმატება. რაც შეეხება საგადასახადო კომპონენტს, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნესს და კომერციულ საქმიანობას, ეს არის განსხვავებული ასპექტი.

არ არის ლამაზი, როცა აქციონერი ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას. ჩვენ ვართ ყველა მეწარმის გვერდით, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს დაასაქმებს და ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. მე პირადად გამოვხატავ სიმპათიას ყველა მეწარმის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის, სახელმწიფო ყოველთვის არის მოწადინებული იმაზე, რომ კომერციულ საქმიანობას დაუდგეს გვერდით, თუ ვერ იხდის გადასახადებს, მისცეს მას ისეთი კომფორტული გადახდის გეგმა, რომ შენარჩუნებული იქნას საწარმო, ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ამის დემონსტრირება მოახდინა. შემოსავლების სამსახურმა 11-ჯერ გადაავადა ის გადასახადები, რაც ასეთ დროს ხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.