ადვოკატები მოითხოვენ, მალხაზ კობაურის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

ხადის ხეობაში, სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურიადვოკატები საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვას მოითხოვენ. ადვოკატ ლექსო კობაიძის თქმით, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას დააყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„პროკურატურამ შეცვალა დანაშაულის ჩადენის მოტივი. თუ აქამდე ბრალდება საუბრობდა, რომ გაბრაზების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა, ამჟამად ამტკიცებენ, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი ქალის მიმართ სექსუალური ლტოლვა გახდა“, – აღნიშნა ლექსო კობაიძემ.

ადვოკატი ვასილ მამულაშვილი კი ამბობს, რომ დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოკვლევა დაასრულა.

„ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი. მდინარემ უფრო ნაკლები სიმძიმის ტვირთი მხოლოდ რამდენიმე მეტრზე გადააადგილა, არათუ კილომეტრებზე, რაც ბრალის ფორმულირებაშია. ამასთან, შეუძლებელი აღმოჩნდა ზურგით გარდაცვლილი მამაკაცის სიმძიმის ტვირთის გადაადგილებაც დიდ მანძილზე. ჩვენ ეს ყველაფერი მტკიცებულებად გვაქვს საქმეში“, – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

18 ოქტომბერს საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება მალხაზ კობაურს ლორა სმითის გაუპატიურებას არ ედავება. 21 ივლისს „ქრონიკისთვის“ სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა – დაღუპულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს.

წყარო: imedinews.ge

">