საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ასეთ ფორუმში უაღრესად მნიშვნელოვანია – რევაზ ლომინაძე დავოსის ფორუმზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რევაზ ლომინაძის განმარტებით, დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა, უაღრესად მნიშვნელოვანია.
“დავოსის წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, საქართველოს დელეგაცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. დელეგაცია წარმომადგენლობითია, მასში იქნებიან საქართველოს ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც მსოფლიო აღმოჩნდა (იგულისხმებდა სხვადასხვა მიმდინარე კონფლიქტი და ეკონომიკური სირთულე), საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ასეთ ფორუმში უაღრესად მნიშვნელოვანია. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები ექნება”, – განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძემ.
შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. დავოსი 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60, სახელმწიფო ლიდერია. ფორუმზე, ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ