ტყის ხანძრის ზარალის კომპენსირებისთვის EU პორტუგალიას €500 მლნ-ს გადასცემს

პორტუგალია გასულ კვირებში ტყის ხანძრისგან ყველაზე მეტად დაზიანებულ მუნიციპალიტეტებში ზარალის მოცულობას ითვლის – ქვეყანა ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში რეკონსტრუქციისთვის ემზადება. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის, ლუის მონტენეგროს განცხადებით, ევროკავშირის ფონდიდან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად €500 მილიონი გამოიყოფა.
მონტენეგროს განცხადებით, ევროპული კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრა ევროკავშირის მიერ პორტუგალიისთვის €500-მილიონიან ფონდზე წვდომაზე ნებართვის გაცემით დასრულდა. მისი თქმით, ფინანსები მომდევნო წლების განმავლობაში ეტაპობრივად გამოიყოფა და ხანძრით გამოწვეული დაზიანებების აღდგენას მოხმარდება. პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ ზარალის ანაზღაურებაში ევროკავშირის კონტრიბუცია, შესაძლოა, 100% იყოს.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძრით გამოწვეული ზარალის შეფასების პროცესი მომდევნო კვირაში დასრულდება.
თავის გამოსვლაში მონტენეგრომ ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი ორგანოები ხანძრის გაჩენისთვის პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად გამოძიებასაც აწარმოებენ. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, რა იყო ეჭვმიტანილთა და მათ სავარაუდო სპონსორთა მოტივაცია.
ხანძარმა, რომელიც პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში გაჩნდა, გასულ კვირას 9 ადამიანი იმსხვერპლა, დაზიანდა 160-ზე მეტი მოქალაქეც. შესაბამისი უწყებების ინფორმაციით, 15-დან 19 სექტემბრამდე გადაუდებელი დახმარების ცენტრში ტყის ხანძრებთან დაკავშირებული ათასობით ზარი შედიოდა. დაიწვა 135 ათასი ჰექტარი ტყე, რამაც 2024 წელს ცეცხლით განადგურებული მწვანე საფარის ფართობი 147 ათას ჰექტარამდე გაზარდა – აღნიშნული მაჩვენებელი ათწლეულის მაქსიმუმია.
წყარო: bm.ge