ლურჯი მოცვის ექსპორტში რუსეთის წილი შემცირდა – სად გაგვაქვს პროდუქტი?

საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი გაიზარდა, რუსეთს კი – შემცირდა. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში “ბლუბერიას” დირექტორმა, დავით დობორჯგინიძე საუბრობს. მისი თქმით, წლევანდელ სეზონზე მოსავლის ზრდაც დაფიქსირდა.
“წელს მოსავლის ზრდა დაფიქსირდა, უახლოვდება საპროგნოზო მაჩვენებელს და 5 ათასი ტონის ფარგლებშია, საიდანაც, დაახლოებით, 500 ტონა ევროკავშირისა და გაერთიანებული საამიროების მიმართულებით გავიდა, შესაბამისად, ახალი ბაზრების ასათვისებლად დიდი ნახტომიც გაკეთდა. EU-ში ექსპორტი მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება, რუსეთში ექსპორტის 98%-იანმა მაჩვენებელმა კი კლება დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობა გადის ამ მიმართულებით.
ს ბაზრის განულება უახლოეს პერიოდში ვერ მოხერხდება, თუმცა დამოკიდებულების უდიდესი წილი შესაძლებელია ევროპაზე იყოს გადატანილი. ამ საკითხზე მუშაობენ როგორც ფერმერები, ასევე ასოციაცია. შესაბამისად, გეგმები დიდია როგორც ევროპის, ასევე აზიის მიმართულებითაც. უბრალოდ ამას სჭირდება დრო და მომავალი წელი უფრო საინტერესო იქნება ამ კუთხით, უფრო მეტი რაოდენობა იქნება ევროკავშირის და ევროპის მიმართულებით და 2-3 წელში, ვფიქრობთ, რომ ბაზრები მეტწილად დივერსიფიცირებული იქნება”, – ამბობს დავით დობორჯგინიძე.
როგორც “ბლუბერიას” დირექტორი აღნიშნავს, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდა ასოციაციის გაერთიანებამ გამოიწვია. მისი თქმით, ფერმერების გაერთიანებამ ექსპორტისთვის საჭირო რაოდენობის ლურჯი მოცვის მოგროვებას შეუწყო ხელი და მყიდველის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
რაც შეეხება პროდუქტის ხარისხს, დობორჯგინიძე ამბობს, რომ კულტურა ახალია, თუმცა ლურჯი მოცვის მოყვანის ტექნოლოგიები წლიდან წლამდე ვითარდება და “ბლუბერიას” ამ მხრივ პრობლემა არ ჰქონია.
“მაინც ახალი კულტურაა, ვსწავლობთ, ვვითარდებით, ახალ-ახალ სტანდარტებს ვნერგავთ როგორც კრეფის ტექნოლოგიის, ისე გაციებისა და ტრანსპორტირების ტექნოლოგიების მიმართულებით და ამ გამოცდილების ფონზე ვიმედოვნებ, რომ ექსპორტი მომავალ წელს გასამმაგდება სხვადასხვა მიმართულებით.