ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმე – სასამართლოს დეტალები

23 სექტემბერს, ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ს ყოფილ პრემიერ-მინისტრ კაია კალასსა და ადვოკატ პოლ კერესს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავას შეეხება. საოლქო სასამართლოს განჩინებით, კალასის წინააღმდეგ ადრე გაკეთებული განცხადება კერესმა უნდა უარყოს, თუმცა, კალასისთვის მიყენებული მორალური ზიანის (15000 ევრო) ანაზღაურება ადვოკატს აღარ მოეთხოვება.
ეს გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა განეხილა პოლ კერესის აპელაცია, რომელიც ტალინის საოლქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 10 მაისის განჩინებას ეხებოდა.
კაია კალასმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც 2021 წლის 30 ნოემბერს რადიო „კუკუს“ („Kuku“) თოქ-შოუ „სიჰიკში“ პოლ კერესმა განაცხადა, რომ კალასს, რომელსაც იმ დროს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, და განათლების ყოფილ მინისტრ მაილის რეპსს, თაღლითობისა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის, სასამართლო პროცესი ელოდებათ, რადგან თავიანთი დაბადების დღეები, სავარაუდოდ, სახელმწიფო ხარჯებით მოაწყვეს.
როგორც ქვედა ინსტანციის, ასევე საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ კერესის ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ამიტომ, ორი კვირის განმავლობაში, მან უნდა გააკეთოს შემდეგი შინაარსის განცხადება: „2021 წლის 30 ნოემბერს, 12:00 საათზე, რადიოსადგურ „კუკუს“ თოქ-შოუ „სიჰიკში“ გაკეთებული ჩემი განცხადება იმის შესახებ, რომ პრემიერ მინისტრმა კაია კალასმა 2021 წლის 17 ივნისს დაბადების დღის წვეულება სახელმწიფოს ხარჯზე მოაწყო, არის მცდარი“.
თუმცა, საოლქო სასამართლომ მოსარჩელის სხვა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და დაადგინა, სასამართლო ხარჯებს ორივე მხარე დამოუკიდებლად აანაზღაურებს, მაშინ, როდესაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კაია კალასის სასამართლო ხარჯები, რომელმაც 13,410 ევრო შეადგინა, კერესს უნდა დაეფარა.
ქვედა ინსტანციის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ყოფილი პრემიერისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ადვოკატ პოლ კერესს 15000 ევრო უნდა გადაეხადა. თუმცა, საოლქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილებაც გააუქმა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უარყო.
საოლქო სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებს იმაზე, რომ მოპასუხის განზრახვა მოსარჩელის პატივისა და ღირსების შელახვა იყო. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ არასწორი ფაქტობრივი დასკვნების გამოტანით, ადვოკატს პროფესიული ეთიკა არ დაურღვევია.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ასევე დაგაინტერესებთ