ჩვენ ვართ ეკონომიკა, რომელიც დიდად დამოკიდებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე – ლევან დავითაშვილი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს სიტყვით გამოვიდა გზამკვლევ „ტურიზმი ქმნის ბიზნესს: საქართველოში ინვესტირება“ ოფიციალური გადაცემის ცერემონიალზე, რომელიც მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას – მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო. პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკაა.
„ჩვენ ვართ ეკონომიკა, რომელიც დიდად არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ჩვენ ვართ ღია, ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკა მსოფლიოში, ხელს ვუწყობთ ღია ბაზარს, ეკონომიკურ თავისუფლებას, ჩვენ გვაქვს ბიზნესზე ორიენტირებული გარემო, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოს ერთ მესამედთან, პრაქტიკულად ორ მილიარდ ადამიანთან. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, ამავე დროს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ – ევროკავშირთან გვაქვს ე.წ DCFTA ანუ ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები და სავაჭრო ხელშეკრულებები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან, ისევე როგორც თურქეთთან და სხვა უამრავ ქვეყანასთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ზოგადად, ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე საუბრისას აქცენტი გააკეთა პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესზე და ამ კუთხით მიღწეულ წარმატებაზე. მისი ინფორმაციით, გასულ წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეადგენდა 9,7 %-ს და ეს მაჩვენებელი 2024 წელსაც, პირველი შვიდი თვის მონაცემებით შენარჩუნებულია. ამასთან, მან ხაზი გაუვა, რომ ქვეყანაში ასევე ძალიან სტაბილურია მაკროეკონომიკური პარამეტრებიც, მათ შორის ინფლაციის დონე.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციებზე, ინვესტორს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ეკონომიკასა და მის მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში. ჩვენ საკმაოდ კონსერვატიულ მიდგომას ვიყენებთ მაკროეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, გვაქვს კონტროლის სხვადასხვა მექანიზმები და ვართ პირველი ქვეყანა პანდემიის მერე, რომელმაც მოახერხა ინფლაციის გაკონტროლება – დღევანდელი ინფლაციიის დონე ნამდვილად დადგენილ პარამეტრებში არის. ასევე გვაქვს ძალიან მცირე საბიუჯეტო დეფიციტი რაც არის 2%-ის პარამეტრებში. ჩვენ არ ვართ მარტივ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, მაგრამ საქართველოს ეკონომიკამ ნამდვილად მოახდინა საკმაოდ დიდი მდგრადობის ჩვენება ასეთი ეკონომიკური შოკების წინაშე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა ასევე ღონისძიების მონაწილეებს გააცნო მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა, მათ შორის კერძო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით, რომლის ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეიტინგებში საქართველოს მაღალ პოზიციებზე როგორც ბიზნესის კეთების, ისე უცხოური ინვესტიციებისთვის კლიმატის თვალსაზრისით.
„ჩვენ ვართ ერთ-ერთი ტოპ ქვეყანა, რომელიც ნამდვილად გახსნილია და დიდი სიამოვნებით იღებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რადგან ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდისთვის, განვითარებისთვის. ასეთი მიდგომით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციას მოვიზიდავთ. დიდი სიამოვნებით ველოდებით და მივიღებთ ასეთ ინვესტიციას ნებისმიერი ქვეყნიდან“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ