გამაღიზიანებელი ბანერები საერთაშორისო ტურიზმს ხელს არ უწყობს – შოთა ბურჯანაძე

“რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე გამაღიზიანებელი ბანერი თუ პოლიტიკოსის განცხადება ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას ხელს არ უწყობს. ამის შესახებ სტუმარმასპინძლობის დარგის წარმომადგენელმა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ბანერების შეფასებისას, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში დღეს ბევრი უცხოელი ტურისტი, მათ შორის მაღალი რანგის სტუმრები იმყოფებიან, რაც ქვეყნისთვის ახალი ეტაპია.
“ძალიან ბევრი სტუმარია ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის გაცნობის ახალი ეტაპია ჩვენთვის…
რა თქმა უნდა, ჩამოსული სტუმრების აღქმა [ბანერის მიმართ] ინდივიდუალურია, მაგრამ ის რაც ქვეყანას და საზოგადოებას ყოფს და გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის, ბანერი იქნება თუ პოლიტიკოსის გამოსვლა, ეს არავითარ შემთხვევაში საერთაშორისო ტურიზმს ხელს არ უწყობს. საზოგადოებამ უნდა შევძლოთ კონცენტრირება ისეთ საკითხებზე, რაც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს და არა ურთიერთქიშპს და რაღაცის დამტკიცებას, რაც უბრალოდ გამოგონილია. აქედან გამომდინარე, ბანერი რომელიც ავნებს განწყობას, ჩემთვის პირადად მიუღებელია”, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
ასოციაციის ხელმძღვანელმა ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საქართველომ სამომავლოდ 3-ჯერ მეტი საერთაშორისო ვიზიტორის მასპინძლობა უნდა შეძლოს.
“ის რაც ჩვენს ტურიზმში პრობლემა გვაქვს, ინფრასტრუქტურის თუ განათლების კუთხით, გამოსასწორებელია და ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯი და შეიმუშაოს ე.წ. გენერალური გეგმა, რომელიც გარკვეულწილად გაწერს განვითარების ეტაპებს, იქნება ეს 3, 5 თუ 10-წლიანი, რათა მივიდეთ ეტაპამდე, როდესაც დიდი რაოდენობით ტურისტის მიღება შეგვეძლება. თუ დღეს ვიღებთ 5 მილიონს, ამ შემთხვევაში უნდა შეგვეძლოს 15 მილიონი ტურისტის მიღება, რომლებიც, რა თქმა უნდა, როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ასევე ტურიზმის დარგების განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი”, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.