საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად, შეერთებულ შტატებში იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
პრემიერი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და პირველი ლედის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
სხვა ღონისძიებების ან ორმხრივი შეხვედრების შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია არ იუწყება.
გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელშიც პრემიერი მიიღებს მონაწილეობას და სადაც შედგება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან“.
მისივე თქმით, საუბრის მთავარი თემები იქნება რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, საქართველოს პროგრესი და რეფორმები, რომლებიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
„გაეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი, რაშიც საქართველომ ბოლო წლებში აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელშიც ძალიან დიდ კონტრიბუციას სწორედ საქართველო აკეთებს. ასე, რომ საუბარი შეეხება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პროგრესს და ასევე იმ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის“, — აღნიშნა დავით ბაქრაძემ.