გიორგი ამილახვარი ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებს ეწვია, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, მინისტრთან ერთად სასკოლო ინფრასტრუქტურა რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და ქალაქ რუსთავის მერმა მ დაათვალიერეს.
„ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
რუსთავის მე-7 საჯარო სკოლა 965 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რეკრეაციული სივრცეები და სპორტული ინფრასტრუქტურა.
სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულადაა ადაპტირებული. შენობა უსაფრთხოების სისტემებით უზრუნველყოფილია და ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკითაა აღჭურვილი. პროექტის ღირებულება 5 500 000 ლარზე მეტია.
რაც შეეხება 920 მოსწავლეზე გათვლილ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლას, შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კეთილმოეწყო ეზო და სკოლა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა.
პროექტის განხორციელების შედეგად, მე-17 საჯარო სკოლაშიც სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რეკრეაციული სივრცეები და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და უზრუნველყოფილია გათბობისა და უსაფრთხოების სისტემებით. პროექტის ღირებულება 6 000 000 ლარამდეა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.