ლევან ხაბეიშვილი – არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგვაშინონ

ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგვაშინონ, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება.
ს განცხადებით, მაშინ, როცა ოპოზიცია ხალხის პრობლემებზე საუბრობს, ხელისუფლება მათ ეუბნება, რომ „დაგაშანტაჟებთ, დაგიჭერთ”.
“ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგვაშინონ. ასეულობით ადამიანია გამოსული გლდანში, რომელიც გულშემატკივრობს ირაკლის, რომელსაც ფაქტობრივად სახლში, ოჯახში შეუვარდნენ. სალაპარაკო აღარ აქვს ხალხთან ივანიშვილს, დადის „დუშკაბინით“ და ხალხს ვეღარაფერს ჰპირდება, კი არ ეუბნება დაგეხმარებით, აგაშენებთ, არა, პირიქით, როცა ჩვენ ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, გვეუბნება, დაგაშანტაჟებთ, დაგიჭერთ და საერთოდაც აფეთქებით დაგვემუქრა “, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს.
გლდანში, ირაკლი ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან ხმაური იყო. გავრცელდა ვიდეო-მასალა, სადაც ჩანან საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” და პოლიციელები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, “კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გასული წლის 22 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა და ამბობდა, რომ ფიზიკურად”ოცნებასთან” დაახლოებული პირები გაუსწორდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ