გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებაზე“ – 20%-ზე მეტს ეს ხალხი ვერ აიღებს არჩევნებში – წამოვიდეს ბატონი კობახიძე ქუჩაში, სადაც უნდა თვითონ შეარჩიოს ადგილი და გავიაროთ, ვის მეტი ჩამოართმევს ხელს

ჩვენ დამარცხებაზე არ ვფიქრობთ. გამარჯვების შემდგომ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, „ქართული ოცნებისგან“ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდება – თვითონ რომ წააგებენ არჩევნებს და ახლა, პანიკაში არიან, რა გეგმა აქვთ? – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღსადგენია ევროპასთან ურთიერთობები, გასატარებელია რეფორმები, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მოსატანია ინვესტიციები და სამუშაოა ამერიკაში უვიზო მიმოსვლაზე.
„ამერიკიდან პირდაპირი რეისებია დასანიშნი, რომ ბევრი ინვესტორი და ტურისტი შემოვიდეს. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ. „ქართულ ოცნებას“ დაუსვით კითხვა, მარცხისთვის რომ განწირულები არიან, პანიკის და შიშის გარდა, რასაც ისინი ახლა ასხივებენ თავიანთი პანიკური განცხადებებით, რა გეგმა აქვთ? თვითონ რომ წააგებენ არჩევნებს და ახლა, პანიკაში არიან, რა გეგმა აქვთ? ეს იმათ ჰკითხეთ, მე ნუ მისვამთ კითხვას იმიტომ, რომ 20%-ზე მეტს ეს ხალხი ვერ აიღებს არჩევნებში. ეს არის ყველა კვლევის რეალობა. ქუჩაში გაიარეთ, მაგ პროცენტებს რომ არახუნებენ, გჯერათ რომ იქიდან 60% მათ აძლევს ხმას? შეხედეთ თქვენ გარშემო თქვენ ოჯახებს, ნათესავებს- ტყუილი იმიტომ, რომ ეს არის შიში,ეშინიათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ „თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც, რაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული – ამგვარი მცდელობა მთელი სიმკაცრით დაისჯება!“. ვაშაძის შეფასებით, ეს არის პანიკური ტყუილი.
„ეს არის პანიკური ტყუილები, რომელსაც ეს ხალხი იგონებს იმიტომ, რომ მარცხის ეშინიათ, განწირულები არიან. ერთადერთი, რისიც ივანიშვილს ეშინია ის არის, რომ იცის, 26 ოქტომბერს მარცხდება და რა ქნას, არ იცის. აღარ უნდა ამ ქვეყანას ეს ტყუილები, სისულელეების მოროშვა, შეთქმულების თეორიები. ქვეყანას უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია, განვითარება. თქვენც ხომ გინდათ, არ მოგბეზრდათ? რამდენი ტყუილი მოროშეს წინა კვირას და მე უბრალოდ, გულითადი შემოთავაზება მაქვს ჟურნალისტებისთვის ნუ გაჰყვებით, ამ კითხვებს ნუ დასვამთ საერთოდ, იმიტომ, რომ იცოდეთ, გამოდის და ავტომატურად ემზადება მორიგი ტყუილის სათქმელად. ყველაფერი ტყუილი ილაპარაკა. რამე ფაქტით დასტურდება, რაც ილაპარაკა? კობახიძეს ვურჩევ, ნუ გეშინია ირაკლი, პარლამენტში დაჯდები ოპოზიციაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიცია ანგარიშსწორებას და შურისძიებას არ დაიწყებს, ოპოზიციას სურს ეროვნული თანხმობა, რომელსაც 26 ოქტომბერს ყველამ უნდა მიაღწიოს. მისი თქმით, ყველა კვლევით დასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის 20% აქვს.
„ხალხს ყოველდღე ვართმევ ხელს. მაგალითად, ახლაც მივდივარ ყვარელში ხალხთან შესახვედრად. ისინი არიან შუშის კოლბაში და ხალხს სცენიდან, ზემოდან ელაპარაკებიან. წამოვიდეს ბატონი კობახიძე ქუჩაში, სადაც უნდა თვითონ შეარჩიოს ადგილი და გავიაროთ, ვის მეტი ჩამოართმევს ხელს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ