ადვოკატი – ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების და დამატებით მოითხოვეს ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბერკეტი – ამაზე დიდი აბსურდი სამართლებრივ სივრცეში კი არა, ყოფით დონეზეც რთულად საპოვნელია

ამაზე დიდი აბსურდი, ამაზე დიდი სისულელე სამართლებრივ სივრცეში კი არა, ყოფით დონეზეც რთულად საპოვნელია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
ბექა ბასილაიას განცხადებით, ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების და ახლა დამატებით ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბერკეტი მოითხოვეს.
„ძალიან რთულია სერიოზულად ვისაუბროთ იმ აბსურდზე და იმ სპექტაკლზე, რაც დღეს სასამართლო დარბაზში გათამაშდა. მიხეილ სააკაშვილს აქვს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე მისჯილი რამდენიმე წელი და ის იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურ ტყვეობაში. ამ დროს პროკურატურა ითხოვს, რომ მას დამატებით შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიება საქმეზე, რომლის განხილვაც ფაქტობრივად მორჩენილია. მოსამართლე შეიცვალა და ახლა იწყებენ ხელახლა განხილვას 3 წლის წინანდელ საქმეზე. 2021 წლის ბრალდების საქმეზე ითხოვენ პატიმრობის შეფარდებას იმ ვითარებაში, როდესაც ერთ ბრალდებულს ვერ იპოვით, ვისაც თავისუფლების აღკვეთა აქვს სასჯელად და ამავე დროს პატიმრობა ჰქონდეს შეფარდებული. სასამართლოში არის პრაქტიკა და იგივე პრაქტიკა იყო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, როდესაც ის დააკავეს, პატიმრობა რომელ საქმეზეც ჰქონდა შეფარდებული, გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება. დღეს არ ვიცი რა შიშების გამო მოიქცნენ ასე. ალბათ, ამნისტიის კანონი შეიძლება იყოს იმდაგვარი, რომ მიხეილ სააკაშვილს შეეხოს და გათავისუფლდეს თუ სხვა პროცედურის შიში აქვს ხელისუფლებას, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების და ახლა დამატებით მოითხოვეს ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბერკეტი. ჩვენ აქამდე გვინახავს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, გვქონია დისკუსია, რომ კი არის შერჩევითი მართლმსაჯულება, მაგრამ იქნება ბრალდებას რაღაც საფუძველი ჰქონდეს, მაგრამ მსგავსად სულელური გადაწყვეტილება, როდესაც ფაქტობრივად ნულოვანი სამართლებრივი საფუძველი არსებობს გადაწყვეტილების მისაღებად და სასამართლო ასი პროცენტით იღებს ამ გადაწყვეტილებას, ამაზე დიდი აბსურდი, ამაზე დიდი სისულელე სამართლებრივ სივრცეში კი არა ყოფით დონეზეც რთულად საპოვნელია“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს არც ერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

ასევე დაგაინტერესებთ