რა ფასით უნდა დაუშვას “მაგთიმ” კონკურენტები თავის ქსელზე? – კომუნიკაციების კომისიის წევრის პასუხი

“მაგთის” ფიქსირებულ ინტერნეტში საკუთარ ქსელზე კონკურენტების დაშვების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს – ამას ითვალისწინებს პროექტი, რომელზედაც კომუნიკაციების კომისია მუშაობს.
კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით ბოლო ორი წლის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო ბაზრის ყოველისმომცველ კვლევაზე მუშაობდა. კვლევის შედეგებით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი არაკონკურენტულად შეფასდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისია განიხილავს “მაგთისთვის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსის მინიჭებას. ამ სტატუსის მინიჭება კომისიას აძლევს იურიდიულ საფუძველს მაგთის ახალი რეგულაციები დაუწესოს, მათ შორის უმთავრესი ინფრასტრუქტურაზე დაშვების ვალდებულებაა. ეს კი გულისხმობს, რომ მაგთის კონკურენტებს შეეძლებათ კომპანიის ფიქსირებული ინტერნეტის ქსელების მეშვეობით ინტერნეტი საკუთარ აბონენტებს მიაწოდონ.
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ განმარტა, რომ პროექტი, რომელზედაც კომისია მუშაობს ითვალისწინებს ამ დაშვების უზრუნველყოფისთვის სპეციალური ტარიფების განსაზვრას. ეკატერინე იმედაძის თქმით, ქსელზე დაშვება ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით უნდა მოხდეს, ანუ “მაგთიმ” ამ სერვისისთვის მიიღოს ის ანაზღაურება, რაც ამ სერვისის მიწოდების თვითღირებულებას წარმოადგენს. ამასთან, მას ქსელზე დაშვების მსურველი კომპანიებისთვის უარის თქმის უფლება არ ექნება.
“მაგთისთვის” ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის მქონე მოთამაშის სტატუსის მინიჭებაზე კომუნიკაციების კომისია 1 აგვისტოს იმსჯელებს.
“ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში მოქმედია ეს რეგულაცია, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ბელგია, გერმანია, ესპანეთი და ვალდებულება არის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით დაშვება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მოთამაშის ინფრასტრუქტურაზე. მიმართვიდან გონივრული ვადის შემდეგ უნდა შესთავაზოს ეს დაშვება და ფასი უნდა იყოს ხარჯზე ორიენტირებული.
ორწლიანი კვლევის დაწყებიდანვე ინფორმირებული იყო მაგთიკომი და ბაზრის ყველა მოთამაშე, ჩვენ ინდივიდუალური შეხვედრებიც ჩავატარეთ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით.
ფასი უნდა იყოს ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი, შესაბამისად, ცალკე ფასის დათვლის მეთოდოლოგია დადგენილია და ამის მეშვეობით განისაზღვრება ტარიფი და კომისია იქნება ამაზე პასუხისმგებელი. ამ ტარიფში ყველა ხარჯი იქნება ასახული და ამის შესახებ მაგთისთვის ცნობილია.
რაც შეეხება რამდენ ხანში ამოქმედდება, 1 აგვისტოს იქნება ზეპირი მოსმენა, შემდეგ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ძალაში შესვლა ხდება გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
ოპერატორს ექნება ვალდებულება, რომ მოამზადოს საკუთარი ქსელი დაშვებისთვის. მსურველები არსებობენ, ასევე არსებობს 100-ზე მეტი ოპერატორი და ყველა ამ ოპერატორს შეეძლება ისარგებლოს ამ შესაძლებლობით,”- განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.
2024 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის (ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი) 995 ათასი აქტიური აბონენტია, მათი ნახევარზე მეტი (519 ათასი აბონენტი) ინტერნეტს “მაგთისგან” იღებს, რაც მთლიანი ბაზრის 52%-ია. რიგით მეორე პროვაიდერს, სილქნეტს ბაზრის 34%-იანი წილი უჭირავს, მესამე მოთამაშეს “ახალ ქსელებს” კი 5%-იანი წილი. შესაბამისად, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის მთავარი მოთამაშე არის “მაგთი”.