გამოკითხულები სამსახურის შოვნის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად განათლებას და ნაცნობობას ასახელებენ – „კავკასიის ბარომეტრი“

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობისთვის სამსახურის შოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – განათლება და ნაცნობობაა (27%-27%), შემდეგ მოდის პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა. სამსახურის შოვნაში საჭირო ხალხის პატივისცემას 2% მიიჩნევს მნიშვნელოვნად.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49%-ს აქვს სამსახური, 50% – არ აქვს, 34%-ს – არასოდეს ჰქონია სამსახური, 16%- 20 წელზე მეტია უმუშევარია, მხოლოდ 22%-ია 5 წელზე ნაკლები დროით უმუშევარი; ბოლო 4 კვირის განმავლობაში სამსახურს საერთოდ არ ეძებს გამოკითხულთა 78%, ეძებს – 22%.
კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.