„ყველა შეფერხება, რომელიც მედიკამენტების დეფიციტს უკავშირდება, ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული“ – ბიზნესის პასუხი ჯანდაცვის მინისტრს

„ყველა შეფერხება, რომელიც მედიკამენტების დეფიციტს უკავშირდება, აბსოლუტურად ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული”, – ასე პასუხობს „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია” ჯანდაცვის მინისტრს. ილონა კოკიაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში არა მხოლოდ ონკოლოგიური მედიკამენტების, არამედ სხვა სახის წამლების დეფიციტია. მთავარ მიზეზად თურქეთიდან წამლების იმპორტის შეფერხება სახელდება.
„ყველა კომპანია დაინტერესებულია და მისი პირველი ამოცანაა, ბაზარი მედიკამენტებით მაქსიმალურად მოამარაგოს. თურქეთიდან მედიკამენტები, არა მხოლოდ ონკოლოგიური, ჩაიკეტა. თურქეთის სახელმწიფომ გადაწყვიტა, თურქეთში იმპორტირებული მედიკამენტების ექსპორტზე გატანა აკრძალოს. ამ აკრძალვაში ონკოლოგიური მედიკამენტებიც მოექცა. მომწოდებელი დისტრიბუტორებს იმ რაოდენობის მედიკამენტებს ვერ აწვდის, რაც გვჭირდება. მინისტრთან შეხვედრა გვქონდა. იქ ცალსახად ყველა კომპანიამ აღნიშნა, რომ უკვე ნაყიდი, წინასწარ გადახდილი ლოტების მოწოდებაც კი შეფერხებულია. ეს [დეფიციტი] სუფთა ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული”, – აღნიშნა ილონა კოკიაშვილმა BMG-სთან.
ვრცლად bm.ge