“სამ მაგალითს მოგიყვებით” – რა ნეგატიური გავლენა იქონია “რუსულმა კანონმა” ბიზნესგარემოზე

იურიდიული ფირმა BLB-ის დამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის კახა შარაბიძის შეფასებით, „რუსული კანონის“ ამოქმედება ბიზნესის აქტივობებსა და მოლოდინებზე უკვე ნეგატიურად აისახა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“არ მიყვარს მდგომარეობის დრამატიზება, მაგრამ ბიზნესში დღევანდელ ვითარებას, დაახლოებით, ვადარებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არსებულ მდგომარეობას. არ ვგულისხმობ იმას, რამდენი ხაჭაპური ან ხინკალი გაიყიდა რესტორანში; თუ ბევრი გაიყიდა, ძალიან კარგია, მაგრამ მე ვსაუბრობ M&A ბაზარზე (შერწყმა და შეძენა – Mergers & Acquisition), რაც გულისხმობს ახალ ბიზნესგარიგებებს, ბიზნესის გაფართოებას, ერთი ბიზნესის მიერ მეორის შეძენას და ა.შ. ანუ სექტორი, სადაც BLB-ის იურიდიული სერვისები არის საჭირო; ჩვენი კლიენტები არიან როგორც საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესები და საერთაშორისო კორპორაციები.
30 წელია, როგორც პულსზე, ისე გვიდევს ხელი ქართულ ეკონომიკაზე და ისეთივე გაყინული მდგომარეობაა ახლა, რაც იყო 2008 წელს, როცა ყველა ტრანზაქცია გაჩერდა, თუმცა მაშინ სხვა ვითარება იყო იმ მხრივ, რომ დასავლეთ გვეხმარებოდა, ფინანსური დახმარებები წამოვიდა; ახლა კი, თითქმის იგივე მდგომარეობა გვაქვს, იმ განსხვავებით, რომ დასავლეთი არ გვეხმარება, პირიქით…“, – განაცხადა კახა შარაბიძემ.
იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველმა პარტნიორმა „რუსული კანონის“ პირველად ეფექტზე საუბრისას, რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა.
მაგალითი #1
„ჩვენი ერთი მეგობარი და პარტნიორია ამერიკელი რიჩარდ რუბინი, რომელმაც ცნობილი ქართველი ავიატორის, ამერიკის სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის ალექსანდრე ქართველის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად მისივე სახელობის – „ალექსანდრე ქართველის ასოციაცია“ დააარსა. {რუსული კანონის} განხილვების პერიოდში, მან პირდაპირ მომწერა – „კახა, თუ ამ კანონს მიიღებთ, „ქართველის“ ასოციაციას ვკეტავ“. ეს ადამიანი ადამიანი 10 წელზე მეტია თავის დროს და ფინანსურ რესურსს ხარჯავს კეთილი საქმისთვის – ჩვენ ქართველებს გაგვაცნო გამოჩენილი ქართველი ალექსანდრე ქართველი. სტუდენტები მიჰყავდა NASA-ში… სხვა მოტივაცია მას არ ჰქონდა და ხურავს ასოციაციას“….
მაგალითი #2
“ერთი საკმაოდ მსხვილი პროექტი იყო, რამდენიმე ათეული დოლარის ღირებულების. პროექტის დახურვისკენ მიდიოდა ჩვენი კლიენტი. ინდუსტრიას და სექტორს არ დავასახელებ, რადგან ისეთი სფეროა, ყველა მიხვდება რაზეა საუბარი… {რუსული კანონის} გამო, მან მიიღო კითხვები პროექტის დამფინანსებლებისგან – „რა ხდება თბილისში? რა ხდება საქართველოში?“… იმ პერიოდში BBC ლაივში გადასცემდა მოვლენებს, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე – პროტესტი და ათიათასობით შავებში ჩაცმული პოლიციელი…. პირდაპირ გეტყვით, თითქმის ბოლომდე მიყვანილი პროექტი გაჩერდა. ორგანიზაციამ, რომელსაც პროექტი უნდა დაეფინანსებინა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ დააფინანსოს“.
მაგალითი #3
“ჩემი მეგობარი ერთ-ერთი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტის დირექტორია. ის მოფრინავდა საქართველოში ორი პროექტის Due Diligence-ის (Due Diligence რისკების მართვის ინსტრუმენტი)ა ჩასატარებლად. თვის ბოლოს უნდა შევხვედროდი და მომწერა, რომ ამ მოვლენების გამო, ჩემი ვიზიტი გაუქმდაო“.
BLB-ის მმართველი პარტნიორის შეფასებით, ბიზნესის აქტივობის პულსი ძალიან დაეცა“ და მიაჩნია, რომ ამ მდგომარეობის საქმის კურსში არის ეკონომიკის სამინისტროც და სხვა შესაბამისი უწყებებიც.
„დღეს ბიზნესის აქტივობის პულსი ძალიან დაეცა და როცა მეკითხებიან, როგორაა ჩვენი ბიზნესის საქმე, ასე ვპასუხობ – „ისეა, როგორც ჩვენი ეკონომიკის საქმე”.
მე ფაქტებით გესაუბრებით. დარწმუნებული ვარ, ეკონომიკის სამინისტროში და სხვა შესაბამის უწყებებში ბევრი მსგავსი მაგალითის შესახებ იციან… დარწმუნებული ვარ, ხედავენ, რამდენი პროექტი შეჩერდა. უბრალოდ, არ ამბობენ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გრძელდება. დღეს ყველა ელოდება, რა იქნება ხვალ. ამ მიმართულებით, საქართველო საკმაოდ მგრძნობიარე ქვეყანაა. პირდაპირ გეტყვით, დრამატიზების გარეშე, რომ რასაც 2008 წელს ვამბობდი – ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებებმაც იკლო-მეთქი, ასეა ახლა – დასავლური კომპანიების და საერთაშორისო პარტნიორების, კლიენტების აქტივობა შემცირებულია“, – განაცხადა კახა შარაბიძემ.
ინფორმაციისთვის: იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან არის. აღსანიშნავია, რომ ის ერთ-ერთი პირველი იურიდიული კომპანია იყო, რომელიც ე.წ. „რუსულ კანონს“ პარლამენტის მიერ მის დამტკიცებამდეც აკრიტიკებდა. “დღეს ყველაზე დიდი პროფესიონალიზმი მტკიცე სამოქალაქო პოზიციაა! ე.წ. “გამჭვირვალობის შესახებ კანონი” საკანონმდებლო მანიპულაციაა, რაც გვართმევს შანსს ვიცხოვროთ სამართლებრივ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში. მხოლოდ ევროპისკენ გზაა ჩვენი არჩევანი! მხოლოდ ევროპისკენ გზაა ჩვენი არჩევანი! #არარუსულკანონს“, – ეწერა BLB-ის Facebook-გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ