2025 წლიდან GMP-ის დანერგვა ექსპორტიორებსაც მოეთხოვებათ – როგორია ასოციაციის მოლოდინები?

მომავალი წლიდან, კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) დანერგვის ვალდებულება ყველა ფარმაცევტულ კომპანიას თანაბრად შეეხება. რეგულაცია გასული წლიდან ამოქმედდა, თუმცა ის საგამონაკლისო წესით, ექსპორტიორებზე არ გავრცელდა.
ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან გოგიბერიძის ინფორმაციით, კარგი საწარმოო პრაქტიკის დანერგვის გარეშე 5 კომპანია ახორციელებდა ექსპორტს. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, კომპანიებს სტანდარტის დანერგვის პროცესი დაწყებული აქვთ, თუმცა რთულია თქმა, რამდენად მოასწრებენ, რომ 2025 წლის 1-ელ იანვრამდე რეგულაცია დაიცვან.
„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დაახლოებით 5 კომპანია იყო ისეთი, რომელიც აწარმოებდა სამკურნალო საშუალებებს საექსპორტოდ და შეზღუდვის გამო ვერ ოპერირებდა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ამჟამად 4 ფარმაცევტულ წარმოებას აქვს GMP სერტიფიკატი აღებული, რამდენიმე რეკონსტრუქციის პროცესში, მათ შორის ის კომპანიები, რომლებიც ამ ეტაპისთვის ექსპორტზე მუშაობდნენ. იმედები გვაქვს, რომ მოახერხებენ და წლის ბოლომდე შეძლებენ ახალი სერტიფიკატის აღებას და ოპერირების გაგრძელებას. GMP სტანდარტის დანერგვა არ არის მხოლოდ ფინანსები და რესურსები, ძალიან რთული, მრავლისმომცველი პროცესია, აქედან გამომდინარე რთულია თქმა, როგორ მოასწრებენ ეს კომპანიები აღნიშნული სერტიფიკატის მიღებას, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ 3 კომპანიაში ამაზე მუშაობენ. საკმაოდ დიდი კომპანიებზეა საუბარი. როგორც ვიცი, ერთ-ერთი მათგანი 70-მდე დასახელების მედიკამენტს უშვებს და შესაბამისად, მისი რეკონსტრუქციაც განსაკუთრებულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, თუმცა იმედი გვაქვს, შეძლებენ“,- თქვა ლევან გოგიბერიძემ.