რა ღირს სიკვდილი საქართველოში?

2022 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ 42 756 შეადგინა, რომელთა შორის 22 192 კაცი და 20 564 ქალი იყო. ბოლო წლებში საქართველოში ფასების ზრდის და მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, დაკრძალვის ხარჯებიც დაახლოებით 15-20%-ით გაზრდილია.
საფლავი, სასახლე, სარიტუალო ატრიბუტები, კატაფალკით მომსახურება, ქელეხის სუფრა – ეს ის ძირითადი ატრიბუტებია, რაც დაკრძალვისთვის აუცილებელია.
სარიტუალო დამკრძალავი ბიუროები მომხმარებლებს სხვადასხვა ფასის და ხარისხის, VIP და ეკონომ კლასის მომსახურებას სთავაზობენ, რომელთა მინიმალური ფასიც საფლავის გარდა, 10 000 ლარამდეა.
დაკრძალვისთვის აუცილებელი კომპონენტების ფასები შემდეგია:
სასაფლაოს ფასი – 50-დან 2000 ლარამდე
გარდაცვლილთა რიცხვიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე იზრდება სასაფლაოების ფართობი. თბილისში და თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიაში შემავალ დაბებში გაშენებულია 60-მდე საქალაქო სასაფლაო და ოთხი პანთეონი. თბილისის საქალაქო სასაფლაოებს ადმინისტრირებას უწევს შპს „ჰერმესი“, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია, კომპანია ოპერირებს დაკრძალვის ნაწილში და უზრუნველყოფს სასაფლაოს მოვლა-პატრონობას. კერძო სასაფლაოების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს, თბილისში მათი რიცხვი დაახლოებით 20-მდეა. ამჟამად დახურულია რამდენიმე სასაფლაო, მათ შორის კუკიის და ვერის.
თბილისის სასაფლაოების ფასები რეგულირდება „ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. კერძო სასაფლაოს ფასს კი ინდივიდუალურად განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
საქალაქო სასაფლაოები დაყოფილია 5 ზონად. ზონებს ნომერი ენიჭება იმის მიხედვით, თუ რამდენად არის დაშორებული სამანქანო გზისგან საფლავისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი და როგორია რელიეფი. ზონებს ადგენს და შესაბამის ფასს განსაზღვრავს თბილისის მერია. ყველაზე ძვირი საფლავები მდებარეობს პირველ ზონაში. მე-5 ზონაში ერთი და ორადგილიანი საფლავები უფასოა, ხოლო ყოველი მომდევნო ადგილის ღირებულებაა 700 ლარი, ამ შემთხვევაში ჭირისუფალს გადასახდელი აქვს მხოლოდ მესაფლავის მომსახურება. საფლავის ფასები ბოლო წლებში უმნიშვნელოდ 5-10%-ით გაიზარდა.
საფლავის ფასები პირველ ზონაში უბნების მიხედვით განსხვავდება:
საბურთალოს საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილიანი – 2000 ლარი; 2 ადგილიანი – 4000 ლარი;
ვაკის საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილიანი – 2000 ლარი; 2 ადგილიანი – 4400 ლარი;
მახათას საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილიანი – 300 ლარი; 2 ადგილიანი – 500 ლარი;
ღრმაღელეს საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილიანი – 400 ლარი; 2 ადგილიანი – 800 ლარი;
მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილიანი – 400 ლარი; 2 ადგილიანი – 800 ლარი;
ვაზისუბნის საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილიანი – 400 ლარი; 2 ადგილიანი – 800 ლარი;
მუხიანის საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილიანი – 200 ლარი; 2 ადგილიანი – 400 ლარი;
ლილოს საქალაქო სასაფლაო:
1 ადგილიანი – 50 ლარი; 2 ადგილიანი – 100 ლარი.
მიცვალებულის ჩასასვენებელი – 300 ლარიდან
მიცვალებულის ჩასასვენებელი, იგივე სასახლე, ქრისტიანული წესების მიხედვით, დაკრძალვისთვის მთავარი ატრიბუტია. დღეს დამკრძალავი ბიუროები ჭირისუფალს მიცვალებულის ჩასასვენებლის მრავალფეროვან მოდელს სთავაზობენ. მათი ფასიც მასალის და ვიზუალის მიხედვით განსხვავდება.
დამკრძალავ ბიუროების ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სასახლის ფასი 300 ლარიდან იწყება და 5000 ლარს აჭარბებს. ფასები წინა წლებთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი.
კატაფალკი – 150 ლარიდან
ამ ტიპის ავტომობილების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, ერთ-ერთი ასეთია კატაფალკა ვიტო, ასევე კადილაკი და სპეციალური მარკის მერსედესი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. შპს „დამკრძალავ ბიუროში“ კატაფალკის ფასი 150 ლარიდან იწყება და 600 ლარამდე ადის. კატაფალკის მომსახურების ფასი წინა წელთან შედარებით, საწვავის ფასების ზრდის გამო 15%-ით გაიზარდა.
დამატებითი სარიტუალო პროდუქცია – 350 ლარიდან
მიცვალებულის ბალზამირება, ჩაცმა და მოწესრიგება 400 ლარამდე ჯდება. გარდა ამისა აუცილებელია სუდარის შეძენა, რომლის ფასიც 50 ლარიდან იწყება.
100 კაციანი ქელეხი რესტორანში – 9000 ლარიდან
რესტორნებში და სარიტუალო დარბაზებში მრავალფეროვანი არჩევანია, შესაბამისად განსხვავდება ფასები, მომსახურება და ხარისხი. ერთი სტუმრის ფასი 90 ლარიდან იწყება. რესტორნებში ფასები წინა წელთან შედარებით საშუალოდ 15%-ით არის მომატებული.
გარდაცვალების რეგისტრაცია
საქართველოში სავალდებულოა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია. გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება საფასურის გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ