მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი რომ მოვიზიდოთ, დასახვეწია სერვისი და სტაბილური გარემო გვჭირდება – შოთა ბურჯანაძე

„ჩვენთან ხშირად ფასები უფრო მეტია, ვიდრე მიღებული სერვისი, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები რომ მოვიზიდოთ, დასახვეწია სერვისი და სტაბილური გარემოა საჭირო“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 6 თვის მონაცემებით, საქართველოში შემოსულ ტოპ 15 ქვეყნის ტურისტებში მხოლოდ 2-ია დასავლეთ ევროპული ქვეყანა. ძირითადად საქართველოსადმი ინტერესს მეზობელი ქვეყნებიდან – თურქები, სომხები, რუსები და აზერბაიჯანელები იჩენენ.
„დასანანია, რომ ჩვენ არ გვსტუმრობს დასავლეთ ევროპელი ტურისტები. ცნობილი მოვლენების შემდეგ, შენელდა მათი ნაკადი. მათ ყოველთვის უნდათ ნორმალურ გარემოში მოგზაურობა. რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების ტურისტებსა და მოგზაურებს, აქ ტრადიციულად გვაქვს მაღალი ციფრები და ისიც ვიცით, რომ ისინი მაღალ მხარჯველუნარიანობით არ გამოირჩევა. როცა სტაბილურია ვითარება ქვეყანაში, სფერო უკეთ ვითარდება და მაღალმხარჯველიანი ტურისტიც მეტია“, – ამბობს შოთა ბურჯანაძე.
საქართველოში 6 თვეში სამ მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, წინა წელთან შედარებით ზრდა 5.6%-ია. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შეფასებით, ციფრები შთამბეჭდავია, ქვეყანაში შემოსული ტურისტებისა და მოგზაურების ზრდა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება, მაგრამ ტურიზმის სფერო არაა ბოლომდე დაკმაყოფილებული.
„ვიზიტორი, რომელიც საქართველოში შემოდის, მას საქართველოს ბიუჯეტში ფული შემოაქვს, მაგრამ მეორე საკითხია – რამდენად შეესაბამება ეს ციფრი ტურიზმის სფეროში არსებული ადამიანების დაკმაყოფილებას. სფეროს დაკმაყოფილებაში იმას ვგულისხმობ, რომ ქვეყანაში თუ 3 მლნ ტურისტი შემოვიდა და აქედან სასტუმროს არ იყენებს ის რაოდენობა, რომელიც მისაღები იქნებოდა, ე.ი. სფერო არაა დაკმაყოფილებული. ეს არის გამვლელი ტურისტი, რომელიც გადაკვეთს ქვეყანას. ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ სფეროსთვის – სასტუმროსთვის, რესტორნისთვის და გიდისთვის, ეს შემოსავლის წყარო არ არის“, – ამბობს შოთა ბურჯანაძე.
მისი თქმით, დღესდღეობით დიდი დატვირთულობაა შავი ზღვისპირეთში და შეინიშნება, რომ მომავალშიც და მთლიანად აჭარა ტურისტულად კიდევ უფრო დატვირთული იქნება. რაც შეეხება თბილისს, თბილისთან დაკავშირებით შოთა ბურჯანაძეს ოპტიმისტური განწყობა არ აქვს, რადგან წელს ტურისტები უპირატესობას აჭარას ანიჭებენ.