2026 წლამდე მაღალმთიანი დასახლებების 15 895 აბონენტს ექნება ბუნებრივი გაზი – 2024-2030 წლების სტრატეგია

2024-2026 წლებში ჯამურად დასრულდება 150 მაღალმთიანი დასახლების გაზიფიცირების სამუშაოები, რის შემდგომაც 15 895 აბონენტს მიეცემა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფო გააგრძელებს სამუშაოებს მთავრობის მიერ დამტკიცებული 3-წლიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად. აღნიშნულ გეგმას ეტაპობრივად დაემატება უფრო მეტი მაღალმთიანი დასახლება. პრიორიტეტი მიენიჭება იმ დასახლებებს, რომლებშიც მოსახლეობის შედარებით მეტი რაოდენობაა. აღნიშნული ცვლილებების ფარგლებში, გაზიფიცირება გათვალისწინებულია, რაჭის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, მცხეთა მთიანეთის, კახეთის, იმერეთისა და გურიის მაღალმთიანი სოფლებისთვის, – ნათქვამია საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაში.
უწყების ინფორმაციით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიის მიზნების და ამოცანების დაფინანსება 2024-2030 წლებში, ისევე როგორც წინა წლებში განხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით და სამოქმედო გეგმების ეფექტიანი განხორციელებისათვის, შესაძლებელია დამატებით უზრუნველყოფილი იქნეს მათ შორის განვითარების პარტნიორების მხარდაჭერა.