კოსტავაზე Hilton-ის მშენებლობის განახლების ნებართვა უზბეკ ინვესტორს მერიამ კიდევ ერთხელ მისცა – როგორი იქნება სასტუმრო, რომელიც 5 წლის წინ უნდა დასრულებულიყო?

კოსტავაზე Hilton-ის მშენებლობის განახლების ნებართვა უზბეკ ინვესტორს მერიამ კიდევ ერთხელ მისცა – როგორი იქნება სასტუმრო, რომელიც 5 წლის წინ უნდა დასრულებულიყო?
კოსტავაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton-ის შეჩერებული მშენებლობა განახლდა.
მერიამ შპს „გრანატს“ მშენებლობის გაგრძელების უფლება და კორექტირებული ესკიზური პროექტის განხორციელების ნებართვა ორი თვის წინ მისცა, მიუხედავად იმისა რომ კომისიის სამი წევრისგან წარდგენილ პროექტს უარყოფითი შეფასება ჰქონდა.
„არსებულ მოცულობაზე დანამატი, შეცვლის ნაგებობის საერთო პროპორციას რაც უარყოფითად იმოქმედებს ქალაქის აღნიშნული მონაკვეთის საერთო მხატვრულ-არქიტექტურულ აღქმაზე, იმის გათვალისწინებით, რომ შენობის უკან არსებული მოცულობა ისედაც საკმაოდ დიდია“, – ნათქვამია კომისიის ერთ-ერთი წევრის შეფასებაში.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ბოლო ინფორმაციით, კომპანია შეთანხმებულ პროექტში რამდენიმე ცვლილებაზე ნებართვა უკვე მიიღო, მათ შორისაა, სართულების დაგეგმარება, რამდენიმე სართულის ნიშნულის ცვლილება, ლიფტების და კიბეების პოზიციების ცვლილება და შემინული დაშენების გაბარიტების ცვლილება და სხვა. გარდა ამისა კომპანიას მიმდებარე გზის, ტროტუარის, კუნძულის და პანდუსის მოწყობის მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოების უფლებაც მიენიჭა.
„იგეგმება არსებული შენობის რეკონსტრუქცია მიშენება–დაშენებით, სადაც განთავსდება საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო 200 ნომრით.
ნაკვეთის ფართობი შეადგენს 4544 კვ. მ–ს. აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავ ზონას, მასზე არ არის განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები. აღსანიშნავია, რომ ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით საკვლევ ტერიტორიას უკავია საინტერესო ადგილი, რაც გამოიხატება მის გარშემო მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ნაგებობისა და შენობების განლაგებით. ასევე მის გარშემო ქალაქის მნიშვნელოვანი რაიონების არსებობით (ვერა – ვაკე –საბურთალო – დიდუბე – აღმაშენებელი – რუსთაველი – ცენტრი – მთაწმინდა), რაც ქმნის აქ სატრანსპორტო კვანძს.
პროექტის კონცეპტუალური დაგეგმარებისთვის მნიშვნელოვანი გახდა იდეა, რომ ქალაქისთვის არა მარტო შექმნილიყო ერთ–ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, არამედ სასტუმროს შეექმნა ასევე შესაძლებლობა საზოგადოებრივ–საქმიანი თუ კულტურული სივრცეების განვითარების ნაწილშიც. შესაბამისად, პროექტით განისაზღვრა სასტუმროში განთავსებულიყო 200 ნომრიანი სასტუმრო მაღალი სტანდარტების მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით, მიწისქვეშა პარკინგი, ლანდშაფტური ზონა ტერასით, რესტორანი, მცირე და დიდი საკონფერენციო დარბაზები, საგამოფენო-საღონისძიებო სივრცეები, გამაჯანსაღებელი ცენტრი ფიტნესითა და სპაცენტრით.
ობიექტზე დასრულებულია ძირითადი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, გრძელდება მოსაპირკეთებელი და არამზიდი ელემენტების მოწყობის სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ შენობაში მიმდინარეობს“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
პროექტის ცვლილების გარდა, რამდენიმე თვის წინ კომპანიის მფლობელებს შორისაც მოხდა ცვლილება, შპს „გრანატის“ 25%-იანი წილი, რომელიც წლების განმავლობაში მერაბ ჩიხრაძეს ეკუთვნოდა უზბეკმა ინვესტორმა იყიდა. დღევანდელი მონაცემებით, უზბეკეთის მოქალაქეს შომუროდ ილიასოვს ჯამში 75%-იანი წილი აქვს, დარჩენილ 25%-ს კი „ჯი ეს ეი ინვესტი“ ფლობს, რომლის 100%-იანი წილი ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს განვითარების ვალდებულება კომპანია შპს „გრანატმა“ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ 2015 წელს აიღო. სასტუმროს პროექტი „გრანატმა“ შპს „ჯორჯიან ფროპერთისგან“ გამოისყიდა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მინიმუმ 120 ნომრიანი სასტუმრო „გრანატს“ ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში უნდა შეეყვანა.
ხელშეკრულება 2019 წელს გადაიხედა, მაშინ ცვლილებები გულისხმობდა სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებას და სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღებას არაუგვიანებს 2021 წელის 18 მაისისა. მაშინ ინვესტორს სასტუმროს შექმნის მიზნით 20 მლნ-ის ნაცვლად 25 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება დაევალა.
თუმცა უკვე 2021 წელს „გრანატმა“ მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება 24 თვით მოითხოვა, რაზედაც უარი მიიღო, მას შემდეგ კომპანიამ არაერთხელ წარადგინა კორექტირებული პროექტი და მოითხოვა მშენებლობის გაგრძელების უფლება, საბოლოოდ ის მხოლოდ გასული წელს მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე