„ინვესტორები დაფრთხებიან, რადგან მათ არ უნდათ იმ კომპანიაში ფულის ჩადება რომლის სათავო ოფისი საქართველოშია“ – ტრეიდერი ე.წ. „რუსულ კანონის“ შედეგებზე

ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება პირდაპირ კავშირშია საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე ქართული კომპანიების აქციების ფასზე, – ამის შესახებ ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელმა რატი ქირიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალებში“ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ როცა ქვეყანაში იღებ კანონს რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, პირველ რიგში ინვესტორები დაფრთხებიან.
„როცა შენ ქვეყანაში იღებ კანონს რომელიც ეწინააღმდეგება რაღაც პრინციპებს, განსაკუთრებით ევროპულს, პირველ რიგში დაფრთხებიან ინვესტორები, რადგან მათ არ უნდათ იმ კომპანიაში ჰქონდეთ ფული ჩადებული რომლის სათავო ოფისი საქართველოშია და იქ პრობლემა აქვთ ამ კომპანიის დამფუძნებლებს და მთლიანად სახელმწიფოს. მართალია, შეზღუდვები და სანქციები ნაკლებსავარაუდოა ამ კონკრეტულ ბანკებს შეეხოს, მაგრამ ეროვნული ვალუტაზე აისახება. არცერთ ინვესტორს არ მოუნდება ფულის ჩადება ქვეყანაში, რომელსაც გაუგებრობა აქვს ევროკავშირთან და ამერიკასთან. ინვესტიციების ნაკლებობა გვაქვს და სამწუხაროდ ეს გაგრძელდება. ჩვენ თუ გვინდა ამ სანქციებს გავუძლოთ, ლარიზაცია უნდა გვქონდეს რაც შეიძლება ნაკლები“, – ამბობს რატი ქირია.
„დღევანდელ დღეს არსებული ლარი ძალიან უცნაურ პოზიციაშია. ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურება პირდაპირ კავშირში არის ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებასთან. ლარი მაშინ ძალიან გაუფასურდა დოლართან მიმართებით, როდესაც დოლარის ირგვლივ არაფერი იყო შეცვლილი. გარდა ამისა, დაფიქსირდა ქართული კომპანიების აქციების ფასის მნიშვნელოვანი კლება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მაშინ როდესაც როგორც იქნა მათ დააღწიეს თავი 10 ფუნტამდე ღირებულებას და ძალიან კარგად იზრდებოდნენ, მაგრამ მაშინ დაიწყო მათი ვარდნა, როდესაც ეს კანონი გამოჩნდა.
ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ლარის გაუფასურებას ველოდები, რადგან ახლა თუ ველით რომ აქტიური ტურისტული სეზონის გამო, ბევრი უცხოური ვალუტა შემოვა საქართველოში, რითაც დაბალანსდება ჩვენი ლარი, შემდეგ როდესაც ტურისტული სეზონი დამთავრდება, დაიწყება სთვის მზადება, ინვესტიციები დაიკლებს, ნაკლები იქნება ეკონომიკური აქტივობა და ამ კანონის ამოქმედებაც დაიწყება. შესაბამისად, ეს ყველაფერი არა მგონია დადებითად აისახოს ქართულ ლარზე“, – ამბობს რატი ქირია.

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე