იღებენ კანონს, რომელიც ავარიების რისკს გაზრდის – ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამნისტროს გადაწყვეტილებით, ავტომობილის მინების დამუქების წესი შეიცვალა. 3 ივლისიდან წინა გვერდითა მინების დამუქების პროცენტულობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 40%-ის ნაცვლად, 60%-მდე დაამუქონ.
როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“ აღნიშნა, ეს ცვლილება ავარიების რისკს გაზრდის და კარგი იქნებოდა, კანონის მიღებამდე მათთან კონსულტაციები გაევლოთ.
„როცა წლების წინ, როცა დამუქებულ მინებზე კანონი შევიდა ძალაში, რომელიც მაშინ ნამდვილად საჭირო იყო საგზაო უსაფრთხოებისთვის და წლების შემდეგ, ამ კანონს აბრუნებ და საპირისპირო სახით გვთავაზობ, როგორ შეიძლება ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყოს? კარგი იქნებოდა კონსულტაცია ყოფილიყო ამაზე.
თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ცვლილებას ოვაციებით შეხვდა და კიდეც ერთხელ გამოიკვეთა, ცნობიერების პრობლემები რომ არის საზოგადოებაში. როცა გიხარია, რომ ავტომობილიდან კარგად ვერ დაინახავ ქვეითს, ეს ნიშნავს, რომ ცნობიერების პრობლემაა“, – განაცხადა მესხიშვილმა.
მისი თქმით, ისინი ითხოვდნენ სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლს ქულები დაკლებოდა, რათა ავარიების რისკი შემცირებულიყო, მაგრამ მიიღეს კანონი, რომელიც ამ რისკებს პირიქით ზრდის.
„ამ დროს ჩვენ ვითხოვდით, რომ სიჩქარის გადაჭარბებაზე დააკლდეს მძღოლს ქულები, მაგრამ იღებენ კანონს, რომელიც პირიქით, ავარიების რისკს გაზრდის. ბოლოს გამოდის, რომ ადამიანს, ვისაც ფინანსურად აქვს საშუალება, 2 საათში „ჩაგრიალდება“ ბათუმში“ – განაცხადა დავით მესხიშვილმა.