რაჭის ეროვნული პარკის გაფართოებაზე კვლევები მიმდინარეობს –

მიმდინარეობს კვლევები რაჭის ეროვნული პარკის გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელიც, ძირითადად მოიცავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, – ამის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდმა დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, კვლევები ასევე საწყის ფაზაშია სამეგრელოსა და სვანეთში ეროვნული პარკების თუ სხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიების დაარსებასთან დაკავშირებით.
„ერთ-ერთი პირველი სიახლე ის არის, რომ პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა კანონი, გურიის ეროვნული პარკის დაარსების შესახებ, რომელიც ას დაცულ ტერიტორიაში შედის, თუმცა სიახლეა მაინც მოსახლეობისთვის. ჩვენ ახლა ვიწყებთ აქტიურად მანდ მუშაობას, კადრებით დაკომპლექტებას და ა.შ. პარალელურად, მიმდინარეობს კვლევები რაჭის ეროვნული პარკის გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელიც, ძირითადად მოიცავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტს და ასევე, საწყის ფაზაშია სამეგრელოში და სვანეთში ეროვნული პარკების თუ სხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიების დაარსებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბესიკ კუსიდმა და დაამატა, რომ პოპულარულ ლოკაციებში, წლიდან წლამდე, პრომეთე და მარტვილი ლიდერობენ. მისივე თქმით, მიმდინარე წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მარტვილს ცოტათი უსწრებს პრომეთეს მღვიმე.
„პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, რომელიც ქვეყნის შიგნით ვიზიტორებში ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ბავშვებში, ხშირია ექსკურსიები. ასევე, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი, ეს ხუთეულს თუ ჩამოვთვლით“, – აღნიშნა მან.
ბესიკ კუსიდი საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სააგენტომ მიმდინარე წელს ოთხ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
„ორჯერ საუდის არაბეთში, ერთხელ -ში, ერთხელ ჩინეთში. მიმდინარე თვეს დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს გამოფენა, რომელშიც ასევე ვმონაწილეობთ. წლის ბოლომდე დაგეგმილია მინიმუმ ორ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, ესპანეთში და ისევ ჩინეთში, კონკრეტულად დედაქალაქში. გამოხმაურებას რაც შეეხება, ყველა ტიპის ვიზიტორები გხვდება, ისეთებიც, რომლებიც საქართველოში არიან ნამყოფები და კიდევ გეგმავენ ჩამოსვლას. ისეთებიც, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულად არ იცოდნენ რა უნდა მოენახულებინათ. მხოლოდ ჩვენი დედაქალაქის შესახებ ჰქონდათ მწირი ინფორმაცია და უკვირდათ ხშირ შემთხვევაში საქართველოს ბიომრავალფეროვნებას რომ ვაცნობდით რამდენად განსხვავებული ლანდშაფტები შესაძლოა ნახონ საქართველოში“, – დასძინა მან.
წყარო: იმედი ნიუსი