1,2 მლნ ყინულის არენისთვის ბათუმში – პროექტი ბიუჯეტს 94 მილიონი ლარი უჯდება

ბათუმში ყინულის არენის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაში „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ 1 260 330 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. ზედამხედველის ტენდერის გარეშე შერჩევას სამთავრობო კომპანია „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით ხსნის.
ყინულის არენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ მეორედ დაიწყო და ამჯერადაც „ფორსმაჟორში“. პირველ შემთხვევაში მშენებლობის დაწყების მიზეზი ბათუმში 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იყო, ამჯერად კი, მიზეზი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „ბაკურიანი 2025“-ის ჩატარებაა.
აჭარის მთავრობის თავდაპირველი გათვლებით, ბათუმში ყინულის არენა და საცურაო აუზი 19,9 მილიონი დოლართ 2019 წელს აშენებული უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, კანადურ კომპანია „ვესტინკორმთან“ ხელშეკრულება შეწყვიტეს, 29 მილიონი ლარიც გადაუხადეს, მაგრამ არც ყინულის არენა აშენებულა და არც აუზი.
წელს ყინულის არენისა და აუზის მშენებლობაზე ტენდერი ისევ გამოაცხადეს და გამარჯვებულ „ანაგთან“ ხელშეკრულება 53 943 280 ლარზე გააფორმეს დღგ-ს გარეშე.
ამ თემაზე ვრცლად: სად წაიღო მთავრობამ 29 მლნ ლარი, რომლითაც ბათუმში ყინულის არენა უნდა აშენებულიყო
ზედამხედველმა, რომელსაც 1,2 მილიონ ლარს გადაუხდიან, ამჯერად სწორედ „ანაგის“ მიერ შესრულებული სამუშაოები უნდა აკონტროლოს.
ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტი, დღევანდელი გათვლებით, აჭარის ბიუჯეტს მინიმუმ 94 546 537 ლარი დაუჯდება [ეს იმ შემთხვევაში, თუ აჭარის მთავრობა ზამთრის ფესტივალის ჩატარების შემდეგ „ანაგთანაც“ არ შეწყვეტს ხელშეკრულებას და პროექტს ბოლომდე მიიყვანს]. ამ ხარჯის ჩამონათვალი ასეთია:
29 000 000 ლარი – უკვე გადახდილია კანადურ კომპანია „ვესტინკორმზე“
633 136 ლარი – გადახდილია შპს BWC-ზე – პროექტირებაში
63 653 071 ლარი – სახელშეკრულებო თანხა „ანაგთან“, დღგ-ს ჩათვლით
1 260 330 ლარი – ზედამხედველი კომპანიისთვის გადასახდელი თანხა
აჭარის მთავრობაში თავდაპირველად ჩათვალეს, რომ ზედამხედველობა სპეციალური ტარიფით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩაეტარებინა. დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ სამხარაულის ბიურო თანახმა იყო ზედამხედველობაზე სახელშეკრულებო თანხის 2 პროცენტის სანაცვლოდ [ანუ 1 273 066 ლარად], თუმცა, ამას სჭირდებოდა საქართველოს მთავრობის თანხმობა.
ასეთი თანხმობის პროექტი აჭარის მთავრობამ მოამზადა და საქართველოს მთავრობას გადაუგზავნა, თუმცა თბილისმა მას ხელი არ მოაწერა და პროექტი უკან, ბათუმში დააბრუნა:
„აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ მიზანშეწონილად მიიჩნია მოცემულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება განეხორციელებინა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს. განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიებები, თუმცა საექსპერტო ორგანოს მხრიდან საბოლოოდ ვერ იქნა თანხმობა მიღებული.“ – წერს შესყიდვების სააგენტოს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“.
„აღნიშნულის შემდგომ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარებული იქნა ბაზრის კვლევა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ორმა დაინტერესებულმა პირმა, რომელთა მიერ დაფიქსირებული იქნა შემდეგი ფასები: შპს „სიემსი“ – ხელშეკრულების ღირებულების 1.98% – 1 068 076.96 ლარი დღგ-ს გარეშე და შპს „მშენ-ექსპერტი +“ – ხელშეკრულების ღირებულების 3% – 1 618 298.43 ლარი დღგ-ს გარეშე“. – ესეც აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ინფორმაციაა.
ამ ინფორმაციის [შეთავაზებული ფასების] გათვალისწინებით ზედამხედველობაზე ხელშეკრულების გაფორმება სწორედ შპს „სიემსი“-სთან იგეგმება.
რა შუაშია „ბაკურიანი 2025“ ბათუმთან
2023 წლის 29 მარტს, „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორს“, ბაქარ ჩიტაიას წერდა, რომ აუცილებელია ს ყინულის არენა ექსპლუატაციაში შევიდეს არაუგვიანეს 2024 წლის ნოემბრისა.
„საქართველომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღო ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ მასპინძლის სტატუსი…
აპლიკაციის მომზადების პროცესში, ჩვენთვის ცნობილი გახდა, ქ. ბათუმში დაგეგმილი ყინულის არენის მშენებლობა-რეაბილიტაციის შესახებ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა შეგვეთავაზებინა ევროპელი კოლეგებისთვის ერთ-ერთი ზამთრის სახეობის სწორედ ბათუმში ჩატარების თაობაზე, რაზეც მივიღეთ დადებითი პასუხი.
ფორუმის ფარგლებში აჭარაში დაიგეგმება მრავალი აქტივობა, როგორც მოსახლეობის ჩართულობის, ასევე ოლიმპიურ ცეცხლთან დაკავშირებული ღონისძიებები.
ვინაიდან ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების თარიღი განსაზღვრულია 2025 წლის 9-16 თებერვალს, აუცილებელია ყინულის არენა ექსპლუატაციაში შევიდეს არაუგვიანეს 2024 წლის ნოემბრისა, რადგან შესაძლებლობა გვქონდეს ჩავატაროთ ადგილობრივი მასშტაბის შეჯიბრება და დავტესტოთ ტექნიკური აღჭურვილობა.“ – აღნიშნულია საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის წერილში.
მიუხედავად ამისა, „ანაგთან“ 2024 წლის 10 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ყინულის არენის დასრულების ვადად 2025 წლის 1-ლი თებერვალი განისაზღვრა [აუზის დასრულების ვადად კი 2 წელი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ 2026 წლის მაისი].
აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ საორგანიზაციო კომიტეტიდან კიდევ ერთი წერილი 2024 წლის 15 მარტს მიიღო. ამ წერილით, კომპანიას სთხოვენ მიაღწიოს შეთანხმებას „ანაგთან“ და ყინულის არენის ჩაბარების თარიღად არა 2025 წლის 1-ლი თებერვალი, არამედ 2025 წლის 1-ლი იანვარი განისაზღვროს, ვინაიდან პირველი თებერვლიდან „საორგანიზაციო კომიტეტს რჩება კრიტიკულად მცირე ვადები ობიექტის ტესტირებისთვის“:
შესყიდვების პორტალის დოკუმენტების მიხედვით, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასა“ და „ანაგს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ამ დროისთვის „ყინულის არენის“ დასრულების ვადასთან დაკავშირებით არაფერია შეცვლილი და ეს ვადა 2025 წლის 1-ლი თებერვალია.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, ფინანსების ხარჯვის გეგმა-გრაფიკი [დღგ-ს გარეშე] შემდეგნაირადაა გაწერილი: 2024 წელს დაიხარჯება 9 938 857 ₾, 2025 წელს – 37 995 533 ₾ და 2026 წელს – 15 718 682 ₾.
წყარო: ბათუმელები

ასევე დაგაინტერესებთ