უკრაინაში სამობილიზაციო კონტინგენტთან გახშირებული კონფლიქტების გამო სამხედრო კომისარიატებს 500-ზე მეტი პოლიციელი დაიცავს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 513 საპოლიციო პატრული გამოყო მობილიზაციასა და სამხედრო გაწვევაზე პასუხისმგებელი სამსახურების – ტერიტორიული კომპლექტაციისა და სოციალური უზრუნველყოფის ცენტრების – თანამშრომლების დასაცავად. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.
ამ ზომას უწყებამ მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში იმატა კონფლიქტებმა ტერიტორიული კომპლექტაციის ცენტრების (ტკც) თანამშრომლებსა და სამობილიზაციოდ გამოძახებულ მოქალაქეთა შორის.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციის პატრული ტკც-ის თანამშრომლებთან ერთად იქნება არა ყოველთვის, არამედ იმ შემთხვევაში, თუ პირველებს ამის სურვილი ექნებათ, მეორეებს კი – შესაძლებლობა. ამასთან, პოლიციის პატრულის თანამშრომელი ვალდებული იქნება, რეიდის დროს სამხრე კამერაზე სრულად გადაიღოს ტკც-ის წარმომადგენლის, პოლიციის პატრულის და მოქალაქის მოქმედება.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტერიტორიული კომპლექტაციის ცენტრის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, პოლიციამ მხოლოდ არბიტრის როლი უნდა შეასრულოს.
ერთ-ერთი გახმაურებული კონფლიქტი მოხდა ივნისის შუა რიცხვებში ოდესაში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სამაშველო სამსახურის ექიმები და ტკც-ის სამხედროფორმიანი თანამშრომლები. სოციალური ქსელებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მასობრივ ჩხუბში მონაწილეობას იღებენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, სამხედრო აღრიცხვის სამსახურის თანამშრომლები, სამხედრო ფორმაში მყოფი სრულიად უცნობი ადამიანები და გამვლელებიც კი.
მარტის შუა რიცხვებში, ლვოვის გარე სათვალთვალო კამერამ გადაიღო, ტკც-ის თანამშრომლები შუა ქუჩაში ძალის გამოყენებით როგორ აკავებენ ადგილობრივ მოხალისე კირილ ტარანს. ამ ინციდენტს გამოეხმაურა უკრაინის ვერხოვნა რადის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი დიმიტრი ლუბინეცი, რომელმაც ფაქტზე შიდა გამოძიების ჩატარების პირობა დადო.
უკრაინის პრეზიდენტმა მ 16 აპრილს ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციის შესახებ, რომელიც ხელმოწერიდან ერთი თვის შემდეგ, 16 მაისს, შევიდა ძალაში.

კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად აწესებს საბაზისო სამხედრო სამსახურს ხუთი თვით მშვიდობიან დროს და სამი თვით – ომის პერიოდში. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საბაზისო საერთო-საჯარისო მომზადებას – 2025 წლის შემდეგ ის უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამის ნაწილი იქნება.
მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, შექმნან წვევამდელთა ელექტრონული კაბინეტები, სამხედრო კომისარიატებს მათი გზით შეეძლებათ გაწვევის ელექტრონული უწყებების დაგზავნა. საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელები 60 დღის ვადაში უნდა დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე ში.
სამხედრო სამსახურში შეიძლება გაიწვიონ პირები, რომლებსაც პირობით აქვთ მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, გარდა იმათი, ვინც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული.
მოსახლეობასა და პოლიტიკურ სპექტრში სამობილიზაციო ასაკის დაწევა უკმაყოფილებას იწვევს. მობილიზაციის შესახებ კანონს ვერხოვნა რადაში მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციურმა „ევროპულმა სოლიდარობამ“ და „ბატკივშჩინამ“.

ასევე დაგაინტერესებთ