პროფკავშირების გაერთიანებამ და რეგიონული ინიციატივების ცენტრმა იმერეთის შვიდი მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ და რეგიონული ინიციატივების ცენტრმა “ნათელი მომავალი” პროექტი “ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში” შეაჯამეს. პროექტი თვრამეტი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და იმერეთის 7 მუნიციპალიტეტს მოიცავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
მათი ცნობით, საინფორმაციო შეხვედრებს: პროფკავშირის ლიდერები და აქტივისტები, გენდერის საბჭოს წევრები, გენდერზე პასუხისმგებელი პირები, საკრებულოს წევრები, სამსახურების ხელმძღვანელები, მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
„ანგარიში ცხადყოფს, რომ მიუხედავად მდგომარეობის გარკვეულწილად გაუმჯობესებისა, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები სათანადოდ არ არის ასახული შიდა დოკუმენტებში, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტის არ არსებობა. ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, რომელიც მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა უნდა გაითვალისწინონ“, – განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ თამარ სურმავამ.
მათივე ინფორმაციით, პროფკავშირის ლიდერებმა პროექტში მონაწილეებთან როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე, იმ ცვლილებების განხორციელების ეტაპები განიხილეს, რომელიც შემდგომ ადგილობრივ დონეზე უნდა აისახოს.
პროექტი, ასევე, გასვლით თემატურ ტრენინგს და პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა.
„პროექტი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის (თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემოს) ადვოკატირება და შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებში ასახვას მოიცავდა, თვითმმართველობების დონეზე. შესაბამისად, ინფორმირებულობა შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი გზა იყო. პროექტი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების გადამზადებას ითვალისწინებდა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ტრენინგი. მთავარი მიზანი, დისკრიმინაციის, გენდერული დისკრიმინაციისა და შევიწროების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება იყო”, – განაცხადა „რეგიონული ინიციატივების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ.
პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში მომზადდა.

ასევე დაგაინტერესებთ