GWP-ის ცნობით, დაზიანების აღმოფხვრამდე 100 ათასი მომხმარებელი წყალს გრაფიკით მიიღებს

თბილისის წყალმომარაგებები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს, რომ წიწამურთან მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღმოფხვრამდე მომხმარებლები წყალს გრაფიკით მიიღებენ. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საუბარია, დაახლოებით, 100 000 მომხმარებელზე.
კომპანიის წარმომადგენლის, გიგა ნადირაძის თქმით, პარალელური ქსელის მოწყობის ნაცვლად, GWP-მ გადაწყვიტა ტერიტორიაზე გრუნტის მოხსნა და ტერასების მოწყობა, რაც მისი განცხადებით, კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, უფრო მალე აღადგინონ დაზიანება.
GWP-ის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, თუ რა ვადაში აღდგება დაზიანებული ქსელი, თუმცა აღნიშნავს, რომ ამას რამდენიმე დღე დასჭირდება:
„პარალელურ რეჟიმში ქსელის მოწყობა მეტ დროსთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მივდივართ იმ გზით, რომ გვყავს კონტრაქტორი, რომელიც შეასრულებს სამუშოებს. მოხდება გრუნტის მოხსნა, გაკეთდება ტერასები რაც, ერთის მხრივ, მოგვცემს შესაძლებლობას დროულად აღვადგინოთ დაზიანებული მონაკვეთი და, მეორე მხრივ, გამორიცხავს სამომავლო რისკებს.
უკვე დაწყებული აქვს კონტრაქტორს მობილიზაციის სამუშაოები და უახლოეს მომავალში დაიწყება ინტენსიური სამუშაოები გრუნტის მოხსნის,“ — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
GWP-ში აღნიშნავენ, რომ საუბარი წყლის დღის განმავლობაში, მინიმუმ, 3 და მაქსიმუმ 7-საათიან მიწოდებაზე. მისი თქმით, სამუშაოები ხვალვე დაიწყება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა დრო დასჭირდება ქსელის აღდგენას:
„რა თქმა უნდა, დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი, თუმცა ეს რამდენიმე დღესთან იქნება კავშირში და არა — უფრო ხანგრძლივ პერიოდზე. როდესაც დაიწყება სამუშაოები, უფრო ნათელი იქნება ვადები. სანამ სამუშაოებს მოვრჩებით, უკვე ჩავატარეთ სამუშაოები ჩვენს ქსელში და ის დეფიციტი, რომელიც წარმოშვა წყალსადენიდან წყლის მიუწოდებლობამ, 30% დღეს უკვე დავაბალანსეთ, სხვადასხვა რესურსის ალოკაცია მოვახდინეთ.
ხვალ დილიდან მომხმარებლებისთვის ჩაირთვება რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ 3-საათიან მიწოდებას დღის განმავლობაში და მაქსიმუმ — 7-საათიანს. სამუშაოები დაიწყება ხვალვე და დასრულდება მაქსიმალურად მოკლე ვადაში. ამის პარალელურად იქნება გარკვეული რეჟიმი დაწესებული წყლის მიწოდების იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც იკვებებიან ამ სადენით. ამასთან, მობილიზებული გვყავს 15 ავტოცისტერნა სხვადასხვა ლოკაციაზე, რომელზეც გავავრცელებთ ინფორმაციას,“ — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
მცხეთაში, სოფელ წიწამურთან, GWP-ის მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა, რის გამოც წყლის მიწოდება თბილისისა და მცხეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეუწყდა.
· GWP: წიწამურთან დაზიანების აღმოსაფხვრელად შემოვლითი ქსელის მოწყობაა აუცილებელი

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს