კრემლი აცხადებს, რომ პუტინი ინაუგურაციის შემდეგ თავის პირველ ვიზიტს ჩინეთში განახორციელებს

ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით შეუდგა საპრეზიდენტო მოვალეობას, თავის პირველ საგარეო ვიზიტს ჩინეთში განახორციელებს. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ს ლიდერის სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს 16-17 მაისს ესტუმრება.
“რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები დეტალურად განიხილავენ ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხების მთელ სპექტრს, განსაზღვრავენ რუსულ-ჩინური პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ძირითად სფეროებს და დეტალურად გაცვლიან შეხედულებებს ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე”, – ნათქვამია კრემლის საიტზე გავრცელებულ ცნობაში.
ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ორი სახელმწიფოს მეთაურები ვიზიტის შედეგებზე ერთობლივ განცხადებას მოაწერენ ხელს.
ვლადიმირ პუტინი და სი ძინ პინი ბოლოს ერთმანეთს 2023 წლის ოქტომბერში შეხვდნენ ერთმანეთს ჩინეთში, სადაც გაიმართა საერთაშორისო ფორუმი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.
საერთაშორისო პოლიტიკის ბევრი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ჩინეთი და რუსეთი სიმბიოზურ ალიანსს ქმნიან: ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთი დასავლეთთან წინააღმდეგობაში, ხოლო მოსკოვისთვის ჩინეთია მთავარი საყრდენი ვაჭრობისა და გეოპოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. თუმცა, დროსთან ერთად მოსკოვი ამ ურთიერთობაში სულ უფრო და უფრო ხშირად წარმოჩინდება უმცროსი პარტნიორის როლში.

ასევე დაგაინტერესებთ