ბაია პატარაია რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე – ცოტა შოკში არიან, რომ საერთოდ არავინ არ შეხვდათ ხელისუფლებისგან, ეს იყო მათთვის ძალიან მოულოდნელი

ამბობენ, რომ და მოლდოვა ძალიან წინ არიან, მოლაპარაკებები დაწყებულია, ხოლო საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება აღარ განიხილება, – ამის შესახებ „საფარის” ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბაია პატარაიას განცხადებით, ევროპის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები საქართველოში რეალურად ინფორმაციის შესაგროვებლად ჩამოვიდნენ და შოკირებულები არიან, რომ ხელისუფლებიდან არავინ შეხვდათ.
„ევროკავშირი გვეუბნება იმას, რომ ყველაზე დიდი სანქცია, რასაც საქართველო პრაქტიკულად იღებს, ეს არის ევროატლანტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა. ისინი ამბობენ, რომ ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები მიდის უკრაინასთან, მოლდოვასთან, მათ შორის ნატოს-თან დაკავშირებულ საკითხებზე და საქართველო არ განიხილება. ისინი ამბობენ, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან წინ არიან, მოლაპარაკებები დაწყებულია, ხოლო საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება აღარ განიხილება. ისინი ამბობენ, რომ ყველაზე სერიოზულს, რასაც ჩვენ ახლა ვკარგავთ, ეს არის ზოგადად მხარდაჭერა და ძალიან დიდი შეფერხება ევროინტეგრაციის და ნატო-ს გზაზე.
რაც შეეხება სხვა ტიპის ე.წ. სანქციებს, განიხილება ყველაფერი, თუმცა მათ აქვთ საკმაოდ სერიოზული ბიუროკრატია და სჭირდებათ დიდი კონსენსუსი. რეალურად ჩამოვიდნენ ინფორმაციის შესაგროვებლად. ცოტა შოკში არიან, რომ საერთოდ არავინ არ შეხვდათ ხელისუფლებისგან, ეს იყო მათთვის ძალიან მოულოდნელი“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ